ჭყონდიდის ეპარქია

სალხინოს მამათა მონასტერთან დაპირისპირება მოხდა, მრევლს ეკლესიაში არ უშვებენ

სალხინოს მონასტერი
TIMER.GE

ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ დაძაბულობაა. მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის მიმდებარედ დაპირისპირება მოხდა.  განკვეთილი ბერ-მონაზვნებისა და მრევლის ნაწილი ტაძარში შესვლას ითხოვს, თუმცა სამართალდამცევლები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. 

შეკრებილებმა პოლიციას წერილობით მიმართეს, თუმცა სამმართველოს უფროსმა მათ უთხრა, რომ განცხადებას გაეცნობიან. სწორედ ამას მოჰყვა იქ შეკრებილების პროტესტი. 

"ქუჩაში ვართ გამოსახლებული 10 ადამიანი, ჩვენ ამას ვაპროტესტებთ და გვინდა ვანახოთ, რომ ხალხი ჩვენს გვერდშია და ხალხს უნდა მშვიდობიანი და ნორმალური სიტუაცია". - აცხადებს სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, ბერი დანიელი.

მონაზონ სოსანას თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სასულიერო პირებისა და მრევლის კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. 

ადგილზე შეკრებილი მრევლის წევრები ამბობენ, რომ ისინი განკვეთილ ბერებს მხარს უჭერენ და ითხოვენ რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქია დატოვოს. 

სალხინოს მონასტერში გუშინ დილიდან ხმაურია . ეპისკოპოსი სტეფანეს მიერ განკვეთილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ მეუფე სტეფანე მონასტერში დილით, 6 საათზე მივიდა და მათ ნაწილს მისი დავალებით სალხინოს მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. 

მიტროპოლიტმა სტეფანემ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები ამბოხში დაადანაშაულა და ეკლესიიდან 19 სექტემბერს განკვეთა. მეუფე სტეფანემ ხელისუფლებას სთხოვა, განკვეთილ სასულიერო პირებს სალხინოს მონასტრის ტერიტორია და მიწები დაეტოვებინათ, თუმცა მონასტრის დატოვებაზე ისინი უარს ამბობდნენ.  

ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. 

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში ერთი მღვდელი გაკვეთა მღვდლობიდან, სამ მღვდელსა და სამ დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, შვიდ მონაზონს და სამ მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა ერთი მონაზონი და ერთი მორჩილი. 

კომენტარები