ცენზურა ჩინეთში

YAHOO მორიგი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ჩინეთის ბაზარს ტოვებს 

ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიერ ქვეყნიდან გაძევებული უცხოური ტექნოლოგიური კომპანიების სია იზრდება, ამჯერად ბაზარს კომპანია Yahoo ტოვებს

კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ჩინეთიდან გასვლის მიზეზი გამკაცრებული კანონმდებლობა და რთული ბიზნესგარემოა. 

"Yahoo მომხმარებლების უფლებების დაცვის, თავისუფალი და ღია ინტერნეტსივრცის ერთგული რჩება". – წერია კომპანიის განცხადებაში

ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოს უდიდესი ბაზრიდან გასვლის მიზეზი მარეგულირებელი ორგანოსა და კომუნისტური მთავრობის მიერ დაწესებული მკაცრი ცენზურაა, რომელიც ზღუდავს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას.

ჩინეთის ბაზრისა და დასავლური კომპანიების პრინციპული შეუთავსებლობა ცნობილი ფაქტია, რადგან ისეთი პლატფორმები როგორებიცაა: Google, YouTube, Facebook, Instagram, Twitter და Reddit უკვე თითქმის ათწლეულია, რაც ჩინეთში აკრძალულია

ოქტომბერში ქვეყნის ბაზარი Microsoft-ის სოციალურმა პლატფორმამ, LinkedIn-მა დატოვა, ნოემბერში კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო თამაში, Fortnite-ი ჩინეთში დაიხურა.  


უმსხვილესმა ჩინურმა სოციალურმა პლატფორმებმა კომუნისტური მთავრობის წინაშე მორჩილებისა და მეტი თვითდისციპლინის გამოჩენის პირობა დადეს.  

სოციალური გიგანტების, Tencent-ისა და Weibo-ს განცხადება მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს უკავშირდება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას. 

ქვეყნის ლიდერის, სი ძინფინგის ბრძანებით, ცნობილ ადამიანებს, მუსიკოსებსა და კინოვარსკვლავებს "არასწორი" პოლიტიკური აზრის გამოხატვა აეკრძალათ, მათ შორის ონლაინ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში. 

კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მთავრობის განკარგულება ზედმიწევნით იქნება შესრულებული და ისინი პირობას დებენ, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ "სუფთა" და "ჯანმრთელი" კიბერსივრცის შესაქმნელად. 

განცხადებას ხელს აწერს 14 სოციალური პლატფორმა, რომელთაც მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავთ, მათ შორისაა: WeChat, Douyin, TikTok, ByteDance, Tencent და Weibo.  

მმართველი კომუნისტური პარტიის განმარტებით, რეგულაციების მიზანია, "არასწორი და საზიანო" აზრის ამოძირკვით, პატრიოტული გარემოს შექმნა და ქვეყნის ეროვნული ერთობის გაძლიერება. 

ჩინელი კანონმდებლების თქმით, ის, ვისაც "არასწორი" პოლიტიკური პოზიცია აქვს და ემიჯნება მმართველ პარტიას, მედიის, სოციალური პლატფორმებისა და საზოგადოების მიერ განდევნილი უნდა იყოს. 

 

კომენტარები