ცენზურა ჩინეთში

კომუნისტური მთავრობის რეგულაციების გამო, Microsoft-ის LinkedIn-ი ჩინეთის ბაზარს ტოვებს

ჩინეთიდან გაძევებული ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისა და სოციალური პლატფორმების სია იზრდება, ამჯერად ქვეყნის ბაზარს Microsoft-ის პროფესიული სოციალური ქსელი, LinkedIn-ი ტოვებს

მართალია, კომუნისტურ მთავრობას LinkedIn-ი პირდაპირ არ აუკრძალავს, თუმცა კომპანიის განმარტებით, სოციალური ქსელის დახურვის მიზეზი ჩინეთში არსებული "რთული საოპერაციო გარემო" და კომუნისტური მთავრობის მიერ დაწესებული მკაცრი რეგულაციებია. 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის ინტერნეტსივრცისა და მედიის მარეგულირებელი კანონმდებლობა შეუძლებელს ხდის სამართლიანი და თანასწორი სოციალური ქსელის შექმნას, სადაც დაცული იქნება მომხმარებლების პირადი ინფორმაცია და არ იარსებებს მთავრობის მიერ დადგენილი ცენზურა.

ჩინეთის ბაზრისა და დასავლური კომპანიების პრინციპული შეუთავსებლობა ცნობილი ფაქტია, რადგან ისეთი პლატფორმები როგორებიცაა: Google, YouTube, Facebook, Instagram, Twitter და Reddit უკვე თითქმის ათწლეულია, რაც ჩინეთში აკრძალულია. 

The Wall Street Journal-ის ცნობით, LinkedIn-ი ბოლო ამერიკული სოციალური ქსელი იყო, რომელიც ახერხებდა ჩინურ რეგულაციებზე მორგებას და ბაზარზე ოპერირებას, თუმცა 2021 წლის გამკაცრებული კანონმდებლობა LinkedIn-ის საქმიანობასაც შეუძლებელს ხდის. 

Microsoft-ის ინფორმაციით, იგეგმება სპეციალურად ჩინეთზე მორგებული პროფესიული ქსელის შექმნა, რომლის სახელწოდება InJobs იქნება და LinkedIn-ს ჩაანაცვლებს, თუმცა ის საერთაშორისო ბაზარზე არ იქნება გათვლილი და ერთმანეთს დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს მოსფლიოს მასშტაბით ვერ დააკავშირებს.  


უმსხვილესმა ჩინურმა სოციალურმა პლატფორმებმა კომუნისტური მთავრობის წინაშე მორჩილებისა და მეტი თვითდისციპლინის გამოჩენის პირობა დადეს.  

სოციალური გიგანტების, Tencent-ისა და Weibo-ს განცხადება მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს უკავშირდება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას. 

ქვეყნის ლიდერის, სი ძინფინგის ბრძანებით, ცნობილ ადამიანებს, მუსიკოსებსა და კინოვარსკვლავებს "არასწორი" პოლიტიკური აზრის გამოხატვა აეკრძალათ, მათ შორის ონლაინ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში. 

კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მთავრობის განკარგულება ზედმიწევნით იქნება შესრულებული და ისინი პირობას დებენ, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ "სუფთა" და "ჯანმრთელი" კიბერსივრცის შესაქმნელად. 

განცხადებას ხელს აწერს 14 სოციალური პლატფორმა, რომელთაც მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავთ, მათ შორისაა: WeChat, Douyin, TikTok, ByteDance, Tencent და Weibo.  

მმართველი კომუნისტური პარტიის განმარტებით, რეგულაციების მიზანია, "არასწორი და საზიანო" აზრის ამოძირკვით, პატრიოტული გარემოს შექმნა და ქვეყნის ეროვნული ერთობის გაძლიერება. 

ჩინელი კანონმდებლების თქმით, ის, ვისაც "არასწორი" პოლიტიკური პოზიცია აქვს და ემიჯნება მმართველ პარტიას, მედიის, სოციალური პლატფორმებისა და საზოგადოების მიერ განდევნილი უნდა იყოს. 

კომენტარები