ცენზურა ჩინეთში

კომუნისტური მთავრობა ვიდეო თამაშების წინააღმდეგ – FORTNITE-ი ჩინეთის ბაზარს ტოვებს

კომუნისტური მთავრობის ზეწოლისა და მკაცრი რეგულაციების გამო, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო თამაში, Fortnite-ი ჩინეთის ბაზარს ტოვებს

Epic Games-ისა და კომპანია Tencent-ის ერთობლივი ძალისხმევით ვიდეო თამაში Fortress Night-ის სახელით სპეციალურად ჩინეთის ბაზრისთვის 2018 წელს გაეშვა და მოკლე დროში მიაღწია წარმატებასაც, თუმცა ის მალევე აღმოჩნდა კომუნისტური მთავრობის ე.წ. შავ სიაში. 

კომპანია Tencent-ი თამაშის დახურვის მიზეზებს არ ასახელებს, თუმცა ექსპერტების შეფასებით, გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან, რომლის თანახმად, ვიდეო თამაშის დიზაინი და შინაარსი სრულ თანხვედრაში უნდა იყოს მარეგულირებელი ორგანოს ხედვასთან.

გარდა ამისა, ჩინეთის მთავრობამ მოსახლეობას ვიდეო თამაშებისთვის გამოყოფილი დროც მკაცრად განუსაზღვრა და ახალგაზრდებს თამაშებისთვის კვირაში მხოლოდ სამი საათის დათმობის უფლება მისცა, რაც დეველოპერებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. 

ახალი კანონით, არასრულწლოვანებს ონლაინ თამაში შეეძლებათ მხოლოდ პარასკევს, შაბათ-კვირას და დასვენების დღეებზე, საღამოს 8-დან 9 საათამდე. 

ონლაინ თამაშების კომპანიებს არ აქვთ უფლება ამ საათებისა და დღეების გარდა არასრულწლოვანებს საკუთარი სერვისი შესთავაზონ. ასევე, მთავრობა მათ ავალდებულებს, რომ კარგად გააკონტროლონ მომხმარებლის პირადი მონაცემები, რათა არასრულწლოვანებმა თამაშისთვის ცრუ პირადობის მოწმობები არ გამოიყენონ. 

აღსანიშნავია, რომ ვიდეო თამაშების შეცვლილი ვერსიის სპეციალურად ჩინეთის ბაზრისთვის მომზადება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რომლის საშუალებით დასავლური კომპანიები ჩინურ რეგულაციებსა და ცენზურაზე მორგებული პროდუქტების შექმნას ახერხებენ, თუმცა კომუნისტურ მთავრობას ამ პრაქტიკის შეცვლაც და უცხოური კომპანიების შეზღუდვაც სურს. 

მარეგულირებელი ორგანო ამბობს, რომ მათი ეს გადაწყვეტილება ემსახურება "არასრულწლოვანთა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის ეფექტიან დაცვას".

კომენტარები