არჩევნები 2021

ცესკო: 201 უბნის შედეგი გადაითვალა, ცვლილებას არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ცესკომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები 201 უბანზე გადათვალა. მისივე თქმით, გადათვლის შედეგად ზოგიერთ უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, თუმცა არჩევნების შედეგზე ცვლილებას გავლენა არ მოუხდენია.

"საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია, ხოლო არჩევნების შედეგების მიმართ იყოს მაღალი ნდობა". – თქვა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, მერის არჩევნების ნაწილში სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, ამ ნაწილში სულ გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 7 ხმა და მოემატათ – 5 ხმა.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. 6 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები