ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: საკოორდინაციოს მწვანე პასპორტებზე სრული პაკეტი წარვუდგინეთ, ვნახოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, NCDC-მა საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ე.წ მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით სრული პაკეტი წარუდგინა. გამყრელიძის ინფორმაციით, პაკეტი სამდივნომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უნდა განიხილოს.

"ვნახოთ, გადაწყვეტილებები ვფიქრობ, რომ უნდა იყოს. მე ჩემს გამოსვლებში აღვნიშნე, რომ დიახ, სავალდებულოება საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა, ეს არ არის მარტივი... მე ამას არასდროს არ ვმალავდი, გუშინ და გუშინწინ კი არ მითქვამს, ყოველთვის ვამბობ, რომ მე ვემხრობი, როგორც ამირან გამყრელიძე, ერთი ექიმი" - ამბობს გამყრელიძე.

NCDC-ს დირექტორმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მომხრეა, აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიებები დაწესდეს.

"სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორეს მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად" - თქვა გამყრელიძემ.

თუმცა, მის საპასუხოდ, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს. მისი აზრით, აცრილთა რაოდენობა "საკმაოდ ეფექტური შედეგია".

"მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინები, მილიონობით და პირადად მე ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავარწმუნოთ, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც სამ თვეში. ეს საკმაოდ ეფექტური შედეგია".- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

კომენტარები