ვაქცინაცია საქართველოში

სამეგრელოში მედდა თანხის სანაცვლოდ აუცრელ პირებს სისტემაში ვაქცინირებულად არეგისტრირებდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი მედდა დააკავა. სამსახურის ცნობით, დადგინდა, რომ სამეგრელოში სამედიცინო დაწესებულების მედდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაინტერესებულ მოქალაქეებს კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში, როგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც მათგან გარკვეულ თანხას იღებდა.

საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში უკვე მხილებულია თხუთმეტი მოქალაქე, რომლებიც ბრალდებულისათვის 300 ლარამდე თანხის გადახდის სანაცვლოდ, დარღვევით დარეგისტრირდნენ როგორც ვაქცინირებული პირები.

წინასწარი მონაცემებით, ამ დანაშაულებრივი გზით იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათეულობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე და 221-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები