კორონავირუსი საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილი: სავალდებულო ვაქცინაციას არ დავუშვებ

"მე როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას".- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი ნოემბერში უნდა გადაწყდეს. 

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის საშუალება აქვთ და მან ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი წარმატებული ყოფილიყო. 

"მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინები, მილიონობით და პირადად მე ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავარწმუნოთ რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც სამ თვეში. ეს საკმაოდ ეფექტური შედეგია".- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

ქვეყანაში ვაქცინაცია 7 თვის წინ, მარტში დაიწყო, მასობრივი ვაქცინაცია კი - მხოლოდ ივლისში. ამ დროისთვის, აცრები ფაიზერის, სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებით არის შესაძლებელი. ასტრაზენეკათი ვაქცინაცია მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც მეორე დოზა აქვს დაგეგმილი.  პრემიერის გეგმით, სექტემბრის ბოლომდე 2 მლნ უნდა აეცრათ, თუმცა აიცრა მხოლოდ 984 595 ადამიანი. 

კომენტარები