მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ღარიბაშვილი: მოგიწოდებთ, რომ მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ თქვენს ბელად სააკაშვილზე

ჟურნალისტის კითხვაზე, აიღებდა თუ არა პასუხისმგებლობას საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკასვილის სიკვდილის შემთხვევაში, საქართველოს პრემიერმინისტრმა პასუხად საზოგადოებას მეტი სიყვარულისკენ მოუწოდა.

"მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკი. აი ასეთი აგრესია, სიძულვილი უნდა დავასრულოთ, უმსაგვსო საქციელი, როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი, ხალხისთვის არის ძალიან ცუდი". - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში არა სამოქალაქო კლინიკაში, არამედ №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

გუშინ, 24 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ასევე, ლომჯარიას თქმით, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 25-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები