არჩევნები 2021

კალანდარიშვილი: ზუგდიდში ხმების გადათვლისას პროცედურები არ დარღვეულა

გიორგი კალანდარიშვილი
ფორმულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების გადათვლის პროცედურები არ დარღვეულა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა. 

ცესკოს თავმჯდომარე ხმების გადათვლის პროცესზე საუბრობს, სადაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  ზუგდიდის საკრებულოში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. 

"სხდომა მიმდინარეობდა პირდაპირ ეთერში, პროცედურები არ დარღვეულა. როდესაც შეიცვალა შედეგი გამარჯვებული კანდიდატის, მხოლოდ ამის შემდეგ წამოვიდა პროტესტი და აპელირება, რომ თითქოს დალუქული პაკეტები რეალურად არ იყო დალუქული. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ხელთ გვაქვს".- თქვა კალანდარიშვილმა. 

ამ დროის მონაცემებით, ენმ-ს ზუგიდის საკრებულოში 45-დან 22 დეპუტატი ჰყავს. ამდენივე ჰყავთ ქართულ ოცნებასა და გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის ერთად, საიდანაც 19 დეპუტატი სახელისუფლებო პარტიისაა, ხოლო 3 – ყოფილი პრემიერმინისტრის.

პოლიციამ ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის შენობიდან ოპოზიციის წევრები, მათ შორის, დროას ლიდერი ელენე ხოშტარია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თამარ კორძაია, გაიყვანა. ელენე ხოშტარიას თქმით, ზუგდიდში ოპოზიციამ გაიმარჯვა, კომისიის წევრები კი ხმების გადათვლისას გაყალბებას აგრძელებენ.

9 ოქტომბერს, ზუგდიდში ენმ-მ აქცია გამართა. მომიტინგეები მდუმარე მსვლელობით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მივიდნენ და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვეს. 

ბოლო გაუნაწილებელი მანდატის საკითხი 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გადაწყდება, სადაც ერთმანეთს ენმ-დან ზვიად ჯღარკავა (39.836%) და ქართული ოცნებიდან ირაკლი ჯანაშია (38.95%) დაუპირისპირდებიან. 

მეორე ტური გაიმართება ზუგდიდის მერობის კანდიდატებს შორისაც. ენმ-ს კანდიდატ ანზორ მელიას 46.88% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატ მამუკა წოწორიას კი – 41.15%.

 

კომენტარები