არჩევნები 2021

ხმების ხელახალი გადათვლით, ზუგდიდში ენმ-მ საკრებულოს გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის საკრებულოში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. ამ დროის მონაცემებით, ენმ-ს საკრებულოში 45-დან 22 დეპუტატი ჰყავს. ამდენივე ჰყავთ ქართულ ოცნებასა და გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის ერთად, საიდანაც 19 დეპუტატი სახელისუფლებო პარტიისაა, ხოლო 3 – ყოფილი პრემიერმინისტრის. 

ენმ-ს დეპუტატი და ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანი წითლიძე პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს. 

7 ოქტომბერს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა ქართული ოცნების საჩივარი, გაეხსნათ და ხელახლა გადაეთვალათ ზუგდიდის #11 მაჟორიტარული ოლქი, სადაც ენმ-ს კანდიდატს, მანუჩარ ფიფიას 1 182 ხმა ჰქონდა, ქართული ოცნების კანდიდატ სოსო გოგოხიას კი –1 180. ხმების გადათვლის შედეგად გოგოხიას 12 ხმა მოემატა, ფიფიას კი 1 დააკლდა. 

ანი წითლიძე დარწმუნებულია, რომ #11 მაჟორიტარული ოლქი წინასწარ გახსნეს და სწორედ ამიტომ მოითხოვეს ხელახლა გადათვლაც. ის პროკურატურისთვის მიმართვასა და საქმის აღძვრის მოთხოვნას 8 ოქტომბერს გეგმავს. 

ბოლო გაუნაწილებელი მანდატის საკითხი 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გადაწყდება, სადაც ერთმანეთს ენმ-დან ზვიად ჯღარკავა (39.836%) და ქართული ოცნებიდან ირაკლი ჯანაშია (38.95%) დაუპირისპირდებიან. 

მეორე ტური გაიმართება ზუგდიდის მერობის კანდიდატებს შორისაც. ენმ-ს კანდიდატ ანზორ მელიას 46.88% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატ მამუკა წოწორიას კი – 41.15%. 

კომენტარები