არჩევნები 2021

"მთავრობას პასუხი უნდა გავცეთ ზუგდიდში ჩადენილ დანაშაულზე" – ენმ ზუგდიდში აქციას მართავს

მთავარი

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხმა ავიმაღლოთ და მკაფიო პასუხი გავცეთ ხელისუფლებას იმ მძიმე დანაშაულზე, რაც ზუგდიდში ჩაიდინა". - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია და აქციის მონაწილეები მდუმარე მსვლელობით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მივიდნენ და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

"გამიგია, დაუწერიათ, უთქვამთ, იცით რა, ზუგდიდში აქცია არ გადადეთ? მაინც ატარებთ? არ დაგიმალავთ, ვფიქრობდით, რა უნდა გვექნა, მაგრამ, როდესაც ვხედავთ და ვიცოდით, რომ დუმილი ხელს უწყობს ხელისუფლებას, რომ შედეგები გადაწეროს, ამის უფლება არ მივეცით და არ მივცემთ და ძალიან ძნელია თითოეული ჩვენგანისთვის აქ ყოფნა ახლა, როდესაც ჯერ კიდევ ვეძებთ გარდაცვლილებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ოდნავადაც არ არის რთული იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქ ამ შენობაში არიან მოკალათებულები და მათთვის ზუგდიდელების ხმების მოპარვა რომ არ არის რთული, მაშინ როდესაც ტრაგედია მძვინვარებს. ამ დილემის წინაშე დავდექით, თითოეული ჩვენგანი, რა უნდა გვექნა და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ და იმედია სწორად გაგვიგებთ". - ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია.

პოლიციამ ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის შენობიდან ოპოზიციის წევრები, მათ შორის, დროას ლიდერი ელენე ხოშტარია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თამარ კორძაია, გაიყვანა. ელენე ხოშტარიას თქმით, ზუგდიდში ოპოზიციამ გაიმარჯვა, კომისიის წევრები კი ხმების გადათვლისას გაყალბებას აგრძელებენ.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  ზუგდიდის საკრებულოში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. ამ დროის მონაცემებით, ენმ-ს საკრებულოში 45-დან 22 დეპუტატი ჰყავს. ამდენივე ჰყავთ ქართულ ოცნებასა და გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის ერთად, საიდანაც 19 დეპუტატი სახელისუფლებო პარტიისაა, ხოლო 3 – ყოფილი პრემიერმინისტრის.

ბოლო გაუნაწილებელი მანდატის საკითხი 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გადაწყდება, სადაც ერთმანეთს ენმ-დან ზვიად ჯღარკავა (39.836%) და ქართული ოცნებიდან ირაკლი ჯანაშია (38.95%) დაუპირისპირდებიან. 

მეორე ტური გაიმართება ზუგდიდის მერობის კანდიდატებს შორისაც. ენმ-ს კანდიდატ ანზორ მელიას 46.88% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატ მამუკა წოწორიას კი – 41.15%.

კომენტარები