ავღანეთი

თალიბანი: საერთაშორისო საზოგადოებამ ჩვენთან თანამშრომლობა უნდა დაიწყოს

ამირ ხან მუთაკი

თალიბანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ ხან მუთაკი საერთაშორისო საზოგადოებას თალიბანთან თანამშრომლობის დაწყებისკენ მოუწოდებს. მუთაკიმ დოჰაში ერთ-ერთ უნივერსიტეტში ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

"საერთაშორისო საზოგადოებამ ჩვენთან თანამშრომლობა უნდა დაიწყოს. ასე შევძლებთ უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრას და ამავდროულადა შეგვეძლება მსოფლიოსთან პოზიტიურად ვიყოთ ჩართულები" - თქვა მუთაკიმ.

მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების წევრობის სურვილისა, თალიბანი ქალებსა და გოგოებს განათლების მიღების საშუალებას უზღუდავს. მუთაკის თქმით, თალიბანის მთავრობა ფრთხილ ნაბიჯებს დგამს და სულ რამდენიმე კვირაა ხელისუფლებაშია შესაბამისად არ უნდა არსებობდეს მოლოდინი, რომ ის შეასრულებს იმ რეფორმებს, რომლებიც 20 წლის განმავლობაში ვერ შესრულდა.

"მათ [წინა მთავრობას] დიდი ფინანსური რესურსი და ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვთხოვთ იმავე რეფორმების ორ თვეში გატარებას?" - თქვა ამირ ხან მუთაკიმ.

საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნების მიუხედავად, ავღანეთში ქალებს განათლებასა და სამუშაოზე წვდომა ეზღუდებათ. გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის თქმით, თალიბანმა გატეხა დადებული დაპირებები, რომ ქალების უფლებების დაცვის გარანტიებს შექმნიდა. გუტერეშმა აღნიშნა, რომ ქალებისთვის მუშაობის აკრძალვით ქვეყნის ეკონომიკის გამოსწორება შეუძლებელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ 9 და 10 ოქტომბერს კატარის დედაქალაქ დოჰაში ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გაყვანის შემდეგ აშშ-სა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრები გაიმართა. აშშ-სა სახელმწიფო დეპარტამენტის ნედ პრაისის თქმით, შეხვედრის მთავარი საკითხები უშიშროება, ტერორიზმი, ავღანეთიდან აშშ-სა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების მშვიდობიანი გასვლა, ადამიანის უფლებები და ქალთა საზოგადოებრივი ჩართულობა იყო.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი. თალიბანი აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობა დაიკავა, თუმცა ამას უარყოფენ წინააღმდეგობის წევრები. აჰმად მასუდმა მთელ ავღანეთს ეროვნული წინააღმდეგობის დაწყებისკენ მოუწოდა.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები