მიხეილ სააკაშვილის დაკავება

"სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ, სადაც მისი ადგილი არაა" – ენმ 14 ოქტომბერს აქციას გამართავს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისა და ოპოზიციის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში 14 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გაიმართება.  

"ჩვენ აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრნი თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, რომ არასდროს ჯერ გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. რა არის მთავარი მიზეზი შეკრების  - ამაზე ვილაპარაკე, ჩვენი, ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობის სურვილი კი არა, ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი  არ იყოს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას დიდი სიამოვნებით, იმისათვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო - ვისაც გინდა ჩასვამ, დაიჭერ, ჩასვამ და მერე შენი ბინძური პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს​. უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, ბევრი ღირსეული მოქალაქე, რომელთა ნაწილი, დარწმუნებული ვარ, სულ არ იქნება ნაციონალური მოძრაობის არც მხარდამჭერი და არც ამომრჩეველი.

[...] თავისუფლების მოედანზე სიმართლის ხმა უნდა გაიგოს ყველამ და ერთხელ და სამუდამოდ მთელი საერთაშორისო საზოგადოებაც აუცილებლად თითოეული ჩვენგანისადმი იქნება ისეთივე მართალი, როგოც ჩვენ ვართ მათთან მიმართებაშ მართალი, როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება, ქვეყანაში მე-3 პრეზიდენტი იჯდეს ციხეში გამოკეტილი უსამართლო ბრალდებებით". - ამბობს ნიკა მელია. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები