ექვსი ერის პლატფორმა

წერეთელი ზალკალიანზე: 3+3 ფორმატზე განცხადება დასავლური კურსის სრულიად საპირისპიროა

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანს, რომელმაც თქვა რომ საქართველომ 3+3 ფორმატში რაღაც ფორმით მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა.

წერეთელი ამბობს, რომ ეს "მავნებულური მოსაზრებაა" და მისთვის გაუგებარია, თუ რას ემსახურებოდა მინისტრის ეს განცხადება. 

"საქართველოს ის ფორმატები არ აქვს ეფექტურად ჯერ კიდევ გამოყენებული სადაც რუსეთთან ერთად არიან ჩვენი დასავლური პარტნიორები, ეუთო, ევროსაბჭო, გაერო და იმ ფორმატში სადაც ვიცით, რომ რუსეთი იქნება დომინანტი რატომ უნდა მიიღოს საქართველომ მონაწილეობა, მე ვფიქრობ მავნებლური მოსაზრებაა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დასავლური კურსის სრულიად საპირისპირო განცხადებაა, თუ რომელიმე ქვეყანასთან გვჭირდება ურთიერთობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ორმაგი ფორმატები არსებობს პლიუს ამას გვაქვს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ფორმატი, თუ სადმე გვჭირდებაა უფრო მეტი მუშაობა ამ ფორმატების გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ ვიდრე მივიღოთ ისეთ ფორმატში მონაწილეობა სადაც რუსეთი იქნება წამყვანი ქვეყანა".- ამბობს წერეთელი. 

8 ოქტომბერს დავით ზალკალიანმა თქვა, რომ 3+3 ფორმატში რუსეთთან ერთად მონაწილეობა რთული იქნება, რადგან არ ჩანს დე-ოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და რის გამოც, 3+3 ფორმატში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბარი რთულია. თუმცა, ზალკალიანის თქმით, საქართველომ ამ პროცესში რაღაც ფორმით მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა ქვეყანამ რეგიონში ფუნქცია არ დაკარგოს.

ამ დრომდე საქართველო უარს ამბობდა 3+3 ფორმატში, იგივე 6 ერის პლატფორმაში მონაწილეობაზე.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის შექმნის იდეა, რაც გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი, ეს კი მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

2021 წლის მარტში დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

კომენტარები