ექვსი ერის პლატფორმა

ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: აუცილებელია თუნდაც რეგიონის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ვიყოთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა 3+3 ფორმატთან დაკავშირებული შეხედულებების შესახებ.

ზალკალიანის თქმით, ამ ფორმატში რუსეთთან ერთად მონაწილეობა რთული იქნება, რადგან არ ჩანს დე-ოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რის გამოც, 3+3 ფორმატში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბარი რთულია, თუმცა საქართველომ ამ პროცესში რაღაც ფორმით მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა ქვეყანამ რეგიონში ფუნქცია არ დაკარგოს.

"არაერთხელ გაგვიჟღერებია ჩვენი პოზიცია, ეს ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის ჩვენმა მეზობლებმაც, როგორც სომხეთმა, როგორც აზერბაიჯანმა, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თურქეთმა და აშშ-მ იციან, რომ ამ ფორმატში ძალიან გაჭირდება ჩვენი მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან, იმ პირობებში, როდესაც დე-ოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს ვერ ვხედავთ. ძალიან რთულია ამ ფორმატში დაჯდე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრო. 

თუმცა, მინდა საზოგადოებას ფიქრისთვის ესეთი პოზიცია მივაწოდო, რომ ჩვენ ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში რაღაც ფორმით [უნდა ვიყოთ], რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესებისა და არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა წითელი ხაზია...

აუცილებელია, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩეთ იმ პროცესებს, რაც რეგიონში ვითარდება და აუცილებლად ყველა იმ, თუნდაც, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ვიყოთ, რომელიც შეიძლება აცდეს საქართველოს და ამით საქართველომ თავისი როლი და ფუნქცია დაკარგოს", – თქვა დავით ზალკალიანმა პირველი არხის ეთერში. 

აქამდე, ქართული მხარე უარს ამბობდა 3+3 ფორმატში, იგივე 6 ერის პლატფორმაში მონაწილეობაზე.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

2021 წლის მარტში, დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

კომენტარები