ექვსი ერის პლატფორმა

კელი 3+3 ფორმატზე: ძალიან რთული? თქვენს მეგობრებს ერჩივნათ მოესმინათ, რომ ჩართვა შეუძლებელია

იან კელი
RFE/RL

"ძალიან რთული?" რუსეთი შემოიჭრა და დაგიპყროთ. თქვენს მეგობრებს ერჩივნათ მოესმინათ, რომ "შეუძლებელია" – ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის სიტყვებს, რომ რთულია საქართველო 3+3 ფორმატში ჩაერთოს, თუმცა ქვეყანამ ამ პროცესში რაღაც ფორმით მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა.

8 ოქტომბერს დავით ზალკალიანმა თქვა, რომ 3+3 ფორმატში რუსეთთან ერთად მონაწილეობა რთული იქნება, რადგან არ ჩანს დე-ოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და რის გამოც, 3+3 ფორმატში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბარი რთულია. თუმცა, ზალკალიანის თქმით, საქართველომ ამ პროცესში რაღაც ფორმით მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა ქვეყანამ რეგიონში ფუნქცია არ დაკარგოს.

ამ დრომდე საქართველო უარს ამბობდა 3+3 ფორმატში, იგივე 6 ერის პლატფორმაში მონაწილეობაზე.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის შექმნის იდეა, რაც გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი, ეს კი მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

2021 წლის მარტში დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

კომენტარები