ექვსი ერის პლატფორმა

საგარეო: არ განვიხილავთ რუსეთთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას, მინისტრს ეს არ უთქვამს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრ დავით ზალკალიანის სიტყვები 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის ვრცელდება. სამინისტროს ცნობით, მინისტრს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ინტერვიუს დროს არ უთქვამს, რომ საქართველო 3+3 ფორმატში უნდა იყოს წარმოდგენილი.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია, რომ საქართველო არ განიხილავს რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას. 

ამასთანავე, საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია აქვს. აქ ვგულისხმობთ იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებში ჩვენს მონაწილეობას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აზიისა და ევროპის დაკავშირებაში და მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს ჩვენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. უფრო მეტიც, საქართველოს პრემიერმინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წამოაყენა კონკრეტული იდეა – მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა, რომელიც ეფუძნება  ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპებს და მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას". – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

8 ოქტომბერს დავით ზალკალიანმა თქვა, რომ 3+3 ფორმატში რუსეთთან ერთად მონაწილეობა რთული იქნება, რადგან არ ჩანს დე-ოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რის გამოც, 3+3 ფორმატში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბარი რთულია. თუმცა, ზალკალიანის თქმით, საქართველომ პროცესში რაღაც ფორმით მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა ქვეყანამ რეგიონში ფუნქცია არ დაკარგოს.

მინისტრ ზალკალიანის სიტყვები კრიტიკულად შეაფასა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ.

"ძალიან რთული?" რუსეთი შემოიჭრა და დაგიპყროთ. თქვენს მეგობრებს ერჩივნათ მოესმინათ, რომ "შეუძლებელია" – წერს კელი Twitter-ზე.


ამ დრომდე საქართველო უარს ამბობდა 3+3 ფორმატში, იგივე 6 ერის პლატფორმაში მონაწილეობაზე.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის შექმნის იდეა, რაც გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი, ეს კი მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

2021 წლის მარტში დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

კომენტარები