მიხეილ სააკაშვილის დაკავება

აშშ: ხელისუფლებას მოვუწოდებთ უზრუნველყოს სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერის ნედ პრაისი თქმით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა უზრუნველყოს.

"ჩვენ ახლოდან ვადევნებთ თვალს მოვლენებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად" - თქვა ნედ პრაისმა. 

2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო. 

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.ზელენსკის თქმით, უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ.

"​მე როგორც უკრაინის პრეზიდენტი, და თქვენ ეს მშვენივრად იცის, სულ იმას ვაკეთებ, რომ უკრაინის მოქალაქეებს ვაბრუნებ. სხვადასხვა საშუალებებით, რომლებიც მაქვს, რომლებიც ხელისუფლებამ მომცა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუტი, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩო საქართველოში, საქართველოს ელჩის დონეზე და მინისტრთა კაბინეტებს შორის საუბრის დონეზე - ყველანი ვიმუშავებთ ამაზე" - თქვა ზელენსკიმ ბრიფინგზე.

მანამდე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა ზელენსკის პრესმდივნი, სერგეი ნიკიფოროვი და თქვა, რომ ზელენსკი შეშფოთებული იყო საკაშვილის დაკავებით.

კომენტარები