არჩევნები 2021

ზუგდიდი, რუსთავი, სენაკი – რომელ საკრებულოებში ვერ ლიდერობს ოცნება

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მოცემული მონაცემებით, ქართული ოცნება 4 თვითმმართველი ქალაქისა და თემის საკრებულოში ვერ ლიდერობს წარმომადგენლების რაოდენობით. ესენია - რუსთავი, ზუგდიდი, წალენჯიხა და სენაკი. 

რუსთავი

რუსთავში პროპორციული სისტემით, 3%-იანი ბარიერი 3-მა პარტიამ გადალახა და შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ენმ - 38.36%;
  • ქართული ოცნება - 36.25%;
  • საქართველოსთვის - 7.45%.

საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქში პროპორციული წესით კომპლექტდება საკრებულოს ადგილების 80% (28 ადგილი), ხოლო დანარჩენი 20% (7 ადგილი) მაჟორიტარული წესით. 

თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს ადგილების რაოდენობა სულ 35-ია. შესაბამისად, 28 მანდატი რუსთავის საკრებულოში (მაჟორიტარული 7 ადგილის გამოკლებით), შემდეგნაირად გადანაწილდება: ენმ - 13, ქართული ოცნება -12, საქართველოსთვის - 3 მანდატი. 

დანარჩენი 7 ოლქიდან, 3-ში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი იგებს, 3 ოლქს ქართული ოცნება, 1 ოლქში კი მეორე ტურია.

ზუგდიდი

რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, აქ საკრებულოს წევრების რაოდენობა განსხვავებულია და 18-დან 45-მდე მერყეობს. ზუგდიდის საკრებულო 35 წევრისგან შედგება. 

პროპორციული სისტემით არჩევნების შედეგები ზუგდიდში შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ენმ - 43.16%;
  • ქართული ოცნება - 40.06%;
  • საქართველოსთვის - 10.64%.

დანარჩენი 15 ოლქიდან, 9-ში ენმ-ს მაჟორიტარი კანდიდატი იმარჯვებს, 5-ში ქართული ოცნება, 1 ოლქში კი მეორე ტურია.

საკრებულოს მანდატები შემდეგნაირად ნაწილდება: ენმ - 23, ქართული ოცნება - 18, საქართველოსთვის - 3 მანდატი. ერთი მანდატის ბედი კი მეორე ტურში გადაწყდება.

წალენჯიხა

წალენჯიხის საკრებულო 27 წევრისგან შედგება, 18 აირჩევა პროპორციული წესით, 9 - მაჟორიტარულით.

პროპორციული არჩევნების ბარიერი წალენჯიხაში 4-მა პარტიამ გადალახა და შემდეგნაირად გადანაწილდა შედეგები: 

  • ენმ - 37.76%;
  • ქართული ოცნება - 34.76%;
  • საქართველოსთვის -19.02%;
  • ლელო - 3.35%.

დანარჩენი 9 ოლქიდან, 1-ში ენმ-ს მაჟორიტარი კანდიდატი იმარჯვებს, 3-ში ქართული ოცნება, ხოლო 5 ოლქში მეორე ტურია.

წალენჯიხის საკრებულოში ქართული ოცნება იღებს 9 მანდატს, ენმ - 8-ს, საქართველოსთვის - 4-ს, ლელო - 1-ს. 5 მანდატის ბედი მეორე ტურებით გადაწყდება.

სენაკი

სენაკის საკრებულო 33 წევრისგან შედგება, 22 წევრი აირჩევა პროპორციული სისტემით, 11 - მაჟორიტარულით.

პროპორციული სისტემით, 3-მა პარტიამ გადალახა ბარიერი სენაკშიც და შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • ენმ - 39.94%;
  • ქართული ოცნება - 38.22%;
  • საქართველოსთვის - 15.56%.

დანარჩენი 11 ოლქიდან, 4-ში ენმ-ს მაჟორიტარი კანდიდატი იმარჯვებს, 5-ში ქართული ოცნება, ხოლო 2 ოლქში მეორე ტურია. 

მოცემული შედეგებით, სენაკის საკრებულოში ქართულ ოცნებას 14 წარმომადგენელი ეყოლება, ენმ-ს - 13, საქართველოსთვის - 4. ორი მანდატის ბედს მეორე ტურები გადაწყვეტს.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

 

კომენტარები