მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ზალკალიანი: დაუშვებელია, ერთმა კაცმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინის პარტნიორობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"დაუშვებელია, რომ ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა". – ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. მისივე ცნობით, საქართველომ უკრაინას ყველა "მათთვის საინტერესო" ინფოირმაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკვე მიაწოდა.

"გასაგებია მათი პოზიცია, რადგან სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე. საელჩოს აქვს კომუნიკაცია, იყო კონტაქტი საელჩოს თანამშრომელთან, რომელიც უკრაინულ მხარეს მიაწვდის ყველა მათთვის საინტერესო ყველა ინფორმაციას. ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც გუშინ პროკურატურამ გაავრცელა, მყისიერად იქნება მიწოდებული უკრაინელი კოლეგებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდად, წყნარად, ჩვენ ყველა საკითხზე შესაბამისი განმარტებები გვექნება". – ამბობს დავით ზალკალიანი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შესაბამის მხარდაჭერას აღმოვუჩენს. 

უკრაინის მხარემ საქართველოს სთხოვა დაკავებულ ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაუშვან უკრაინელი კონსული. ამის შესახებ საუბარი 2 ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დროებით რწმუნებულს, სანდრო თოფურიას შორის შედგა.

გუშინ, 2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.

კომენტარები