კეზერაშვილის საქმე

ლომჯარია კეზერაშვილზე: განაჩენის გამოტანისას სასამართლოს სამოტივაციო ნაწილი არ ჰქონდა მზად

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავდაცვის სამინისტროს მიერ დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ შეტანილ ახალ სარჩელს გამოეხმაურა.

ლომჯარიას თქმით, სასამათლომ გადაწყვეტილება დაჩქარებულად მიიღო, რადგან განაჩენის გამოტანისას არ ჰქონდა მზად ის ნაწილი, სადაც ახსნილია, თუ რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება.

"ჩვენ დავინტერესდით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით და როდესაც გამოვითხოვეთ გადაწყვეტილება, პირველი პასუხი იყო, რომ სასამართლოს არ ჰქონდა სამოტივაციო ნაწილი გადაწყვეტილების. მათ პირველად, დაჩქარებულად მიიღეს გადაწყვეტილება, ალბათ, მთავარი იყო, რომ განაჩენი ყოფილიყო გამოტანილი, თუმცა, გადაწყვეტილების პროცესში, სამოტივაციო ნაწილი, რითიც სასამართლო ხსნის, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სასამართლოს არ ჰქონდა მიღებული. რა თქმა უნდა საგულისხმოა და საყურადღებოა ის, თუ რატომ იღებს ასე დაჩქარებულად გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო, როდესაც სამოტივაციო ნაწილზეც კი არ ჰქონდა მას მსჯელობა". – თქვა ლომჯარიამ

სასამართლოების სამი ინსტანციის განაჩენებით დადგენილია, რომ ალექსანდრე ნინუას მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებიტორულ დავალიანებად დაერიცხა 5 060 000 ევრო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო დავით კეზერაშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები. აღნიშნული საქმე შეეხება მხოლოდ ერთ შემთხვევას, როდესაც სახელმწიფოსგან 5 მილიონზე მეტი ევროს მიტაცება მოხდა.

2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს საქმეზე პირველი გამატყუნებელი განაჩენია. 

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება 2021 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაახლა. სასამართლომ განიხილა ე.წ წვრთნების საქმე, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა. 

ადვოკატის, გიორგი გელხაურის შეფასებით, არჩევნების წინ ძველი საქმის განხილვის გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ მედიაზე ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმის მოსამართლე, შალვა თადუმაძე 3 წლის წინ, ამ საქმის განხილვის დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

კომენტარები