არჩევნები 2021

ქართული ოცნება: მთავარზე გასული გადაცემის მიზანი გახარიას რეპუტაციის გადარჩენა იყო

ქართული ოცნების განცხადებით, გუშინ "ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის" ეთერში გამოქვეყნებული მასალები, რომლებიც გადაცემის წამყვანების მტკიცებით ქართული ოცნების საარჩევნო სტრატეგიის ავტორს, მოშე გლუკჰაფტს ეკუთვნოდა, არ არსებობს და მსგასი სლაიდები პარტიაში არასდროს მომზადებულა.

მმართველი პარტია ამბობს, რომ გადაცემა გიორგი გახარიას რეპუტაციის გადასარჩენად გავიდა.

"გუშინ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში გავიდა გადაცემა, სადაც განხილულ იქნა თითქოსდა ისრაელელი კონსულტანტების მიერ მომზადებული პიარ-სტრატეგია.

გადაცემის მთავარი მიზანი ნაციონალური მოძრაობის სატელიტი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას რეპუტაციის გადარჩენა და მის შესახებ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაციის წინასწარ მომზადებულ დეზინფორმაციად წარმოჩენა იყო.

 საზოგადოებას ხაზგასმით გვინდა განვუცხადოთ, რომ პარტიული ტელევიზიის ეთერში გასული სლაიდები არის ე.წ. ფეიკი და ამგვარი სლაიდები ქართულ ოცნებაში არც უცხოელი და არც ქართველი პიარ-კონსულტანტების მიერ არასოდეს მომზადებულა", - წერია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, ტელეკომპანია მთავარის ეთერში სლაიდები აჩვენეს, რომლებიც მათი თქმით, მოშე გლუკჰატის მიერ ქართული ოცნებისთვის შედგენილი სტრატეგია იყო თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების მოპოვებისთვის. ნაჩვენებ სლაიდებში ეწერა, როგორ და რა სიტყვებით უნდა შეეტია ქართულ ოცნებას ოპოზიციური პარტიებისა და მედიისთვის.

ქართული ოცნების განცხადებით, მათი გზავნილების გაჟღერებას სტრატეგია არ სჭირდება, რადგან ისინი თავს ვალდებულად თვლიან საზოგადოებას სიმართლე უთხრან.

"რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას ნაციონალური მოძრაობის, მისი სატელიტებისა და პარტიული ტელევიზიების ე.წ. სარედაქციო პოლიტიკის მიმართ, ამის შესახებ გზავნილების გაჟღერებას არავითარი პიარ-სტრატეგია არ ჭირდება.

ჩვენ თავს ვალდებულად ვთლით, საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, დეზინფორმაციის, სიცრუისა და სიძულვილის ტირაჟირება კი, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი პარტიული ტელევიზიების ხელწერაა.

მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას და მის ტელევიზიებს, ნაკლები ენერგია დახარჯონ სიცრუის ფუჭ ტირაჟირებაზე და მოემზადონ გარდაუვალი მარცხისთვის - ისევე, როგორც წინა შვიდ შემთხვევაში, 2 ოქტომბერსაც სიცრუეზე სიმართლე გაიმარჯვებს!".

კომენტარები