არჩევნები 2021

ვისი პოლიტიკური დებიუტი დგება 2 ოქტომბერს

არჩევნები 2021

ვისი პოლიტიკური დებიუტი დგება 2 ოქტომბერს

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციის ნაწილი ამ არჩევნებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დასანიშნ რეფერენდუმად განიხილავს, სწორედ ამიტომ მოახლოებული არჩევნები დაძაბულობითა და მოწოდებებით საპარლამენტო არჩევნებს არ ჩამოუვარდება. 

პარტიულ სიებში გამოჩნდნენ ახალი სახეებიც. ტაბულა დაინტერესდა იმ პირების პოლიტიკური მისწრაფებებით, შეხედულებებითა და მოსაზრებებით, რომელთა პოლიტიკური დებიუტიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე შედგება. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოს სიის პირველ ნომრად მედგიდის დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე წარადგინა. ჯგუფი მედგიდი კორონავირუსის პანდემიის დროს შეიქმნა და სამედიცინო სექტორის დატვირთვის გამო, ექიმებსა და პაციენტებს შორის გამარტივებულ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. Როგორც სოფო ჯაფარიძემ ტაბულასთან საუბრისას თქვა, მისი მიზანია, მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს და რასაც აქამდე მხოლოდ საკუთარი რესურსით აკეთებდა, ამას ის სახელმწიფო რესურსიც მოახმაროს, რომელიც მისი თქმით, თითოეულ ადამიანს დამსახურებულად ეკუთვნის. Მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ 2021 წლის არჩევნები კოალიციური მთავრობის შექმნით დასრულდება.  

"აუცილებლად ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ქვეყნისთვის არის საჭირო, აუცილებლად იქნება კოალიციური მთავრობა და დარწმუნებული ვარ, ეს რეფერენდუმი ისე წარიმართება, როგორც ქვეყანას სჭირდება, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.  

ჩემი მიზანია, მაქსიმალურად გვერდში დავუდგე ადამიანებს და რასაც აქამდე მხოლოდ ჩემი რესურსით ვაკეთებდი, ამას მოვახმარო ის სახელმწიფო რესურსი, რომელსაც იმსახურებენ, რომელიც ეკუთვნით და დღესდღეობით სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რომ ეს სრულიად შერჩევითია, აქედან გამომდინარე მინდა, რომ ეს დასრულდეს, აღარ იყოს შერჩევითი და დახმარება მოხმარდეს ყველას, ვისაც ეკუთვნის". - ამბობს ჯაფარიძე.  

რაც შეეხება მის პარტიას, სოფო ჯაფარიძე განმარტავს, რატომ აირჩია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ამბობს, რომ მათ განვითარებისკენ სწრაფვის საერთო მიზანი ამოძრავებთ. 

"ენმ ავირჩიე იმიტომ, რომ როცა რეალურად დავინახე ქვეყანა რამხელა ტრაგედიის წინაშე იდგა, როგორ უჭირდა ჩვენს ქვეყანას, მე შემხვდა ნიკა მელია, გამაცნო ახალი გუნდი, რომელთან ერთადაც უნდა მემუშავა და ჩემთვის მათი განვითარებისკენ სწრაფვა და მიზნები, რომლებიც სრულიად ემთხვეოდა ჩემსას, იყო ძალიან მისაღები, სასიხარულო და ჩემთვის ძალიან კომფორტულია მათთან მუშაობა, რადგან მიზანი გვაქვს საერთო". - ამბობს ჯაფარიძე. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის მე-3 ნომერი კიდევ ერთი ახალი სახე - 28 წლის ანა გოგოლაძეა. ის ილიას უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ეკონომისტი და საჯარო მმართველობის მაგისტრია.  

როგორც გოგოლაძე ამბობს, მთავარი მიზეზი, რატომაც ის ენმ-ს გუნდს შეუერთდა არის მისწრაფება პროგრესისკენ და ცვლილებების სურვილი. Მისი თქმით, ის გუნდთან ერთად განათლების მიმართულებით იმუშავებს.  

ანა გოგოლაძემ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა მიზეზებზე, რატომაც გადაწყვიტა პოლიტიკურ პროცესში ჩართულიყო:  

"აკადემიურ სფეროში როცა შევედი და სტუდენტებთან დავიწყე ურთიერთობა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რას ფიქრობდნენ ამა თუ იმ საკითხზე, განსაკუთრებით პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. Როცა 2020 წლის არჩევნები ჩატარდა, პირველი არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, დაახლოებით 300 სტუდენტთან ვიკითხე, თუ რამდენად შესაბამისობაში მოდიოდა მათი არჩევანი არჩევნების დაწერილ შედეგებთან, მე ვერ ვიპოვე ერთი სტუდენტიც კი, რომლის არჩევანიც მოდიოდა შესაბამისობაში შედეგებთან, ყველა იყო მომხრე კოალიციური მთავრობის და არავინ ენდობოდა შედეგებს. მეორე მიზეზი არის ის, რომ მთავარი მესიჯბოქსი რაც მოდიოდა სტუდენტებისგან იყო, რომ ყველასთვის ამოსავალი წერტილი და მთავარი მიზანი არის ქვეყნიდან წასვლა.  

ბოლო და მთავარი მიზეზი კი იყო ჩემი ერთ-ერთი სტუდენტის წერილი, რომელმაც მომწერა, რომ მე თქვენში ყოვეთვის ვხედავდი სამართლიან ამბოხს ქვეყანაში არსებული უსამართლობის წინააღმდეგო, მაგრამ მე არ მჯერა და ვერ ვენდობი ისეთ ლექტორს, რომელიც გადამწყვეტ ბრძოლაში წინა ხაზზე არ არისო. Ამან გადამაწყვეტინა პოლიტიკაში მოსვლა". - ამბობს გოგოლაძე.

თვითმმართველობის არჩევნებზე ევროპული საქართველოს თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი და ჩუღუღეთის ოლქში ოთხი ოპოზიციური პარტიის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ნონიაშვილია.  

მისი მრავალწლიანი გამოცდილება აქამდე ძირითადად ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს უკავშირდებოდა. ის ტაბულას პოლიტიკაში წასვლის მიზეზებსა და საკუთარ პოლიტიკურ მისწრაფებებზე ესაუბრა.  

"მე მგონია, რომ მთავარი ამბავი არის ცვლილებების საჭიროება ამ ქვეყანაში და ყველა დანარჩენი ამბავი არის მეორადი საკითხი, იმიტომ, რომ სინამდვილეში ვსაუბრობთ მომავალზე, რომელიც დღესდღეობით არის უპერსპექტივო და იმისთვის, რომ ეს ამბავი სწრაფად შემობრუნდეს არის ჩქარი ცვლილებები საჭირო. ცვლილებები, რომლებიც ადამიანის კეთილდღეობისკენ, ბედნიერებისკენ სწრაფვისკენ, ამ ქვეყნის ფეხზე დადგომისკენ იქნება ორიენტირებული და სამწუხაროდ, ამ ცვლილებების განხორციელება ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია და სწორედ ამიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, მაგრამ კარგად უნდა გვახსოვდეს ყველა ახალბედა თუ სტაჟიან პოლიტიკოსს, რომ ადამიანების ინტერესის საგანი არ არის ხელისუფლებაში სახელების და გვარების გამოცვლა და სკამების გამოცვლა. Მათი ინტერესის საგანი არის, რომ ხელისუფლების ცვლილებას რეალურად ადამიანზე ორიენტურებული ცვლილებები მოჰყვეს, ანუ მან იგრძნოს საკუთარ თავზე, როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად, ისევე კულტურულად ეს ცვლილებები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ თავად პოლიტიკოსებმაც ირწმუნონ ამ ცვლილებების საჭიროება”. - ამბობს ნონიაშვილი.

როგორც ნონიაშვილი ამბობს, მთავარი მიზეზი, რატომაც ის ევროპული საქართველოს გუნდს შეუერთდა პარტიის ღირებულებები და მისწრაფებებია, რომელსაც ის სრულად იზიარებს.  

“ეს არის პარტია, რომლის სიტყვასაც ყოველთვის ჰქონდა ფასი, პოპულისტურად ადამიანის გრძნობებზე არასდროს თამაშობს, აქვს საკუთარი რწმენა და პოლიტიკური სოფლმხედველობა და მიუხედავად იმისა, რამდენად მისაღებია ეს უმრავლესობისთვის, ის ყოველთვის აფიქსირებს ამ პოზიციებს, მათ შორის, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და ჩემი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე მგრძნობელობით გამოვირჩევი ადამიანის უფლებებისადმი. ესეც გადამწყვეტი საკითხი იყო, თანასწორუფლებიანობა, როგორც პრინციპი, როგორც ღირებულება. ამაზე ეს პარტია ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას". - ამბობს ნონიაშვილი. 

ევროპული საქართველოს კიდევ ერთი სახე ნინო ორდენიძეა, რომელიც ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რატომაც ამ პარტიაში დაიწყო პოლიტიკური კარიერა, ღირებულებების თანხვედრაა.  

“ევროპულ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებთანაც საერთო ღირებულებები მაქვს. Პრინციპული, თანმიმდევრული პარტიაა. 5 ივლისის მოვლენები მინდა გავიხსენო, როცა ჟურნალისტები იძახდნენ, რომ ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ ჩაწერეს და ყველა ერიდებოდა თბილისი პრაიდთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებას, რადგან არ იყო მათთვის პოპულარული თემა. Მე ზუსტად ამიტომ ავირჩიე ეს პარტია, რომ მათ პოპულიზმთან არაფერი აქვთ საერთო, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები. ღირებულებითი თანხვედრა მაქვს მათთან ძალიან დიდი”. - ამბობს ორდენიძე.  

მისივე თქმით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმია, რომელსაც ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ ეს ქვეყანა შეცვალოს.  

"ეს არჩევნები ხომ არ არის ტიპური თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი და ახლა გვაქვს შანსი, რომ რაღაცნაირად ჩვენი ქვეყანა შეიცვალოს, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური ამომრჩეველი მოვიდეს, აქტივობა იყოს მაღალი და ქართულმა ოცნებამ ვერ აიღოს მათთვის სასურველი შედეგი.  მე მთაწმინდის ოლქში ვარ და ვაკეთებ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება ბევრი ჩვენი ამომრჩეველი იყოს ამ ოლქში. Ამ არჩევნებს რეფერენდუმის სახე აქვს, ამიტომ ქვეყნის ბედი წყდება ამ არჩევნებზე. 

როცა მე წინასაარჩევნო კამპანია დავიწყე, ბევრი ადამიანი ნიჰილიზმით ხვდებოდა ამ არჩევნებს, დეპრესია იყო, არ ჰქონდათ იმედი, რომ რაღაც შეიცვლება. ეს ქართული ოცნების პროპაგანდაა, რომელიც საკმაოდ კარგად ამუშავეს. ახლა ეს არის ყველაზე ცუდი მოკავშირე ჩვენთვის ამ სიტუაციაში და ძალიან მიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი, მათ შორის ევროპული საქართველოს ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და ვაიძულოთ ქართული ოცნება დანიშნოს ვადამდელი”. - ამბობს ორდენიძე.

თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთ პოლიტიკურ ახალ სახეს, კრწანისში მაჟორიტარი დეპუტატობის შეთანხმებულ კანდიდატსა და დროას ერთ-ერთ ლიდერს, თაზო ახობაძეს ვესაუბრეთ.  

ის დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება არჩევნებზე 40%-ზე ნაკლებს აიღებს და ეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შედეგს მოიტანს. 

"თითქმის დარწმუნებული ვარ უკვე, ამას ბოლო კვლევებიც გვაჩვენებს, რომ ქართული ოცნება 43%-თან ახლოსაც არ არის, ვფიქრობ, 40%-ზე ნაკლებს აიღებს და რეფერენდუმში გაიმარჯვებს იდეა, რომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 

რთული იყო ჩემთვის პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილების მიღება, ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის ბიუროკრატია, ერთ ადამიანზე დამოკიდებულება, თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ. ელენე ხოშტარია და მისი გუნდი კი არის ადგილი, სადაც თავისუფალი ვარ და გადაწყვეტილებებს ვიღებთ ერთად, დისკუსიის რეჟიმში". - ამბობს ახობაძე.  

დროას გუნდს ასევე შეუერთდა სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძეც.  სხვების მსგავსად, მასაც აქვს მოლოდინი, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შედეგს მოიტანს.  

"უნდა შედგეს რეფერენდუმი, რის შედეგადაც ქართულ ოცნებას მოუწევს ვადამდელ არჩევნებზე წამოსვლა და ნამდვილად მაქვს მოლოდინი, რომ 2 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს ქართველი ხალხი.  

დროას გუნდს შევუერთდი იმიტომ, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც არ შეუშინდებიან არაფერს, იბრძოლებენ თავისუფლებისთვის, დეოკუპაციისთვის, დამოუკიდებელი სასამართლოსთვის და ყველა იმ მნიშვნელოვანი ღირებულებისთვის, რაც სჭირდება ქვეყანას უკეთესი მომავლისთვის”. - ამბობს მაცაბერიძე.  

გირჩი-მეტი თავისუფლების , ენმ-ს, ევროპული საქართველოსა და დროას ვიცემერობის საერთო კანდიდატი 24 წლის ცოტნე კობერიძეა. კობერიძის დაყენებამ ოპოზიციური ამომრჩევლის კრიტიკა გამოიწვია, ერთი მხრივ, ასაკის, მეორე მხრივ კი გამოცდილების ნაკლებობის გამო.  

თავად კობერიძე ამბობს, რომ ასაკთან დაკავშირებული კრიტიკა ლეგიტიმურია, თუმცა მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ვიცემერობას თავს გაართმევს.  

"ეს გამოწვევა მივიღე. ცხადია, ბავშვობაში არ მიოცნებია ვიცემერობაზე და არც მიფიქრია ამ თანამდებობაზე, თუმცა, ერთი მხრივ, ვარ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, კეთილსინდისიერი და მგონია, ეს თვისებები შემდეგ ამ საქმიანობაშიც გამომადგება და თავს გავართმევ. 

ცოტა პოლიტიკოსი ვართ გირჩში და საითაც საჭიროა, იქით ვიწევით. ჩემზე კარგი ან შესაფერისი რომ ყოფილიყო ვინმე ამ მიზნისთვის, ის ისედაც მომიგებდა პარტიაში, ჩემი სურვილის გარეშეც". - ამბობს კობერიძე. 

როგორც კობერიძე ამბობს, თვითმმართველობის არჩევნებზე მისი მიზანია, მინიმუმ წინა შედეგის განმეორება, რადგან ამით განსაზღვრავს, რამდენად მოახერხეს მხარდაჭერის შენარჩუნება, რეფერენდუმის ნაწილში კი, მიზნად ქართული ოცნების დამარცხებას ისახავს.  

“გამარჯვებად წარმომიდგენია წინა შედეგის განმეორება, მინიმუმ, იმის გარკვევა, გაყოფის შემდეგ დაზარალება რამდენად ავიტანეთ და რამდენად მოვახერხეთ მხარდაჭერის შენარჩუნება. გარდა ამისა, გამარჯვებად ჩავთვლი, ზოგადად, რეფერენდუმის ნაწილში 43%-ზე ნაკლებს თუ აიღებს ქართული ოცნება. ამის იქით, ალბათ, საკრებულოში შევალ იმ რეიტინგის განმეორებით, რაც ავიღეთ წინა წელს, მაგრამ მაინც გირჩელებს გვიყვარს ჩვენი თავის გაზომვა, რამდენი ვართ საერთოდ და ამ იდეას თუ 50 000-ზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს ახლა, წინაზე 55 000 იყო, გამარჯვებად ჩავთვლი ამ არჩევნების”. - ამბობს კობერიძე.  

ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ქართული ოცნების გუნდიდან წასვლის შემდეგ, 29 მაისს ახალი პოლიტიკური პარტია საქართველოსთვის დააფუძნა. Მისი გუნდის ერთ-ერთი ახალი პოლიტიკური სახე გიორგი გოგუაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გახარიას გუნდს შეუერთდა იმ მიზეზით, რომ დღესდღეობით ის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. Მისივე თქმით, პარტია იბრძვის და ემზადება მოახლებულ არჩევნებში გამარჯვებისთვის. 

"მე ქუთაისში ჩვენს გუნდთან ერთად ვიბრძვი და ვემზადები გამარჯვებისთვის. Ჩვენ ყოველდღიურად, მოსახლეობასთან საუბრისას წარვადგენთ იმ ხედვებს, ამოცანებს და გეგმებს, რომლებიც ქუთაისს უკეთეს ქალაქად გახდის. Პირველ რიგში, ეს გულისხმობს პრიორიტეტების შეცვლას, ასევე შეკავებას იმ მძიმე დემოგრაფიული კატასტროფის, რომლის წინაშეც ქუთაისი დგას. ჩვენ მივცემთ ქალაქს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას.  

გიორგი გახარია დღეს არის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, მისი და ჩემი ხედვები არის თანხვედრაში". - ამბობს გოგუაძე. 

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას, რომელიც კვოტების მიმღები პარტიაა, მერობის 64 კანდიდატში მხოლოდ სამი ქალი ჰყავს წარმოდგენილი. სამივე მათგანი წარსულში პოლიტიკური საქმიანობით იყო დაკავებული. ოცნების ერთ-ერთი პოლიტიკური ახალი სახე მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილია. ის გორში ქართული ოცნების მერობის კანდიდატია.  

ტაბულა შეეცადა მასთან დაკავშირებას, თუმცა ის ჩვენ ზარებს არ პასუხობს. ასევე არ იძებნება მასალა, სადაც ის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.  

კომენტარები