არჩევნები 2021

ბოკერია: კომპანია ალმას ჩვენს პოსტერს მივუტანთ, ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე გააკრან

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ კომპანია ალმას, რომელმაც ოპოზიციის წევრებისა და კრიტიკული მედიის მენეჯერების გამოსახულებით "სისხლიანი" ბანერები განათავსა, საკუთარ პოსტერს მიუტანენ, რათა "იმავე სტანდარტით" ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე გააკრან. 

"გვაქვს კონკრეტული ინიციატივა - ყველამ იცით სამარცხვინო ისტორია, ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის  ტრადიციულ სტილში დიდი სისხლიანი ბანერების, როგორ გადააკრეს კორონავირუსის წინააღმდეგ კამპანიის ბანერებს, როგორი იყო თავის მართლება და თითის გაშვერა - რომ მათ არ უქნიათ, კომპანიამ თქვა, რომ ვიღაცამ მიუტანა, მერე გაირკვა, რომ ვიღაც უცნობი ადამიანია, ვინც, ვითომ, ეს ფული გადაიხადა. აქაც უტიფრად გვეუბნებიან, ტყულს გეუბნებით, მაგრამ, ჰო, ეგრეაო.   

ჩვენ ახლა ვაპირებთ, რომ მივმართოთ კომპანია ალმას, რახან მათ თქვეს, რომ მათთვის პოლიტიკური შინაარსი არაფერ შუაში არ არის და ისინი კომერციული სტრუქტურა არიან. იმავე სტანდარტით, რა სტანდარტითაც და იმავე ოდენობით, რაც მოითხოვეს "უცნობი პატრიოტი" ბიზნესმენისგან, ვინც ეს პოსტერები დაუკეთა, ჩვენ ვაპირებთ, რომ მივუტანოთ ეს პოსტერები. ნებისმიერი ცენტრალური მაგისტრალის ადგილებში, ნებისმიერ ერთ ადგილას [გააკრან] ვაპირებთ, რომ მივუტანოთ და მოველით მათ პასუხს შემდეგი 2 დღის განმავლობაში, სანამ კამპანია მიდის, იმიტომ, რომ ეს ჩვენი საარჩევნო გზავნილია, განგაშის ყველა მოქალაქისთვის. ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ, რა პასუხი გვექნება კომპანია ალმასგან. თუ პასუხს არ გაგვცემენ, ანუ, კიდევ ერთხელ გვიდასტურებენ ამ უტიფარ რეალობას - რომ ყველაფერი, მათ შორის, კომერციული სტრუქტურებიც, თუ დამოკიდებული ხარ მთავრობაზე, უნდა აეწყო მას, ვინც არის მთავრობაში". - ამბობს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს მხარდამჭერებმა 27 და 28 სეტქემბერს თბილისში პოსტერები გააკრეს - ბოკერიას ინფორმაციით, პოსტერები  პოლიტიკური სატირა და სიმბოლური დემონსტრირება იმის, თუ როგორი ქვეყნის და საზოგადოების აშენებას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში და რატომ თქვა, რომ მისთვის ცხოველების ფერმა შთაგონების წყარო იყო და "გამოადგა".

"ჩვენ იმავე ღამეს ვიხილეთ, ამ ამბავში კიდევ ერთი ამბავი მოხდა - ცხოველების ფერმის დადასტურება ჩვენი ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. მთელი ღამის განმავლობაში უდიდესი რესურსი დაახარჯინეს პოლიციელებს, რომლებიც კრიმინალს უნდა ებრძოდნენ, დასდევდნენ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მთელი ღამე. საოცარი სანახავი იყო, ეს რომ არ იყოს დამთრგუნველი. ჩვენი ქმედება იყო მთლიანად კანონის ფარგლებში, არცერთი კანონი არირღვეოდა, მიუხედავად ამისა, პირადობის მოწმობას სთხოვდნენ, ვდილობდნენ ხელის შეშლას. 

პირდაპირ არ უმოქმედიათ ძალადობრივად, მაგრამ ამას შემდეგ მოჰყვა უფრო "დახვეწილი" მოქმედება - თბილსერვისი ჩაერთო საქმეში და ჩვენ ვნახეთ, რომ ასე ეფექტურად არ უმუშავიათ ქალაქის დასუფთავებაზე არასოდეს. თითქმის ყველგან გაწმინდეს მთელი ქალაქი, იმხელა რესურსი დახარჯეს. მთელი ეს აპარატი ემსახურება ივანიშვილის, ამ ერთი კაცის თავმოყვარეობას. ამას უტიფრად, პირდაპირ სახეში გვატენიან, რომ ეს ასეც უნდა იყოს". - ამბობს გიგა ბოკერია. 

"ივანიშვილი  ჩვენს ცხოველების ფერმად ქცევას ცდილობს" - 28 სექტემბერს ევროპულმა საქართველომ იუსტიციის სახლთან აქცია-პერფორმანსი გამართა. პარტიამ დიდ ეკრანზე წინასაარჩევნო კლიპი – ბიძინა ივანიშვილის ცხოველების ფერმა გაუშვა და საპროტესტო პლაკატები გადმოფინა.

17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!" ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირების ფონზე, ხელისუფლებამ სიძულვილის გამაღვივებელი, პოლიტიკური შინაარსის ბანერები აცრისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა.

18 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და დაგმო ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლება.  20 სექტემბერს კი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კომპანია ალმას ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაბრუნების მოთხოვნით ოფიციალური წერილობით მიმართა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ცესკოს საჩივრით მიმართა პოლიტიკურმა მოძრაობამაც – დროა. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრები განიხილა და სიძულვილის ენის შემცველი "სისხლიანი" ბანერების განთავსება არ მიიჩნია სამართალდარღვევად, რადგან მათი დამკვეთი კერძო პირია. 

თბილისის მერი და ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, "გამოხატვის უფლება ყველას აქვს". მისივე მტკიცებით, ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. 

კომენტარები