არჩევნები 2021

"ივანიშვილი ჩვენს ცხოველების ფერმად ქცევას ცდილობს" – ევროპელების აქცია-პერფორმანსი

ევროპული საქართველო

ევროპულმა საქართველომ იუსტიციის სახლთან აქცია-პერფორმანსი გამართა. პარტიამ დიდ ეკრანზე წინასაარჩევნო კლიპი – ბიძინა ივანიშვილის ცხოველების ფერმა  გაუშვა და საპროტესტო პლაკატები გადმოფინა.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ჩვენი საზოგადოების სწორედ ჯორჯ ორუელის ცხოველების ფერმად გადაქცევას ცდილობს.

"თქვენ ალბათ გახსოვთ, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას, რომ ქვეყნის მართვაში ძალიან გამოადგა ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოები – ცხოველების ფერმა. ნაწარმოები, რომელიც აღწერს ამაზრზენ საბჭოთა რეალობას სატირული ფორმით, სადაც ადამიანებს უნადგურებენ თავისუფალ ნებას, იმონებენ, ბოლომდე საფუძველს აცლიან მათ თავისთავადობას, უნარს. ამყოფებენ ნებისმიერი ცვლილების შიშში და მთლიანად უკონტროლებენ ცნობიერებას. პირქუში და ამაზრზენია, მაგრამ ძალიან კარგი ნაწარმოებია ცხოველების ფერმა. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ შემთხვევაში იყო გულწრფელი, წლიდან წლამდე, დღითი-დღე ეს ადამიანი სწორედ ჩვენი საზოგადოების ცხოველების ფერმად ქცევას ცდილობს". – თქვა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველოს აქტივისტებს ქალაქში საარჩევნო პლაკატების გაკვრისას ხელი ჯერ პოლიციამ შეუშალა, შემდეგ კი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა მათი ჩამოხევა დაიწყეს.

"რამხელა ენერგია დაახარჯინეს ჩვენს პოლიციელებს კრიმინალთან ბრძოლის ნაცვლად, ჩვენი აქტივისტების მიერ მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში კონსტიტუციური უფლების განხორციელებაზე. შემდეგ, როცა პოლიციისთვის აშკარა იყო, რომ ჩვენ ყველაფერს კანონიერად ვაკეთებთ, ჩაერთო თბილსერვისი, რომელმაც დაიწყო ამ პოსტერების ჩამოხევა. კომიკური, მაგრამ ამავე დროს საგანგაშო ფორმით მთელი ჩვენი სახელმწიფო, როგორც ცხოველების ფერმაშია აღწერილი, ემორჩილება ამ კაცს". – თქვა ბოკერიამ.

კომენტარები