რუსეთი

მოსკოვში რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ არჩევნების შედეგები გააპროტესტა

Евгений Фельдман / «Медуза»

რუსეთის დედაქალაქის ცენტრში კომუნისტურმა პარტიამ არჩევნების შედეგები გააპროტესტა და აქცია გამართა. რუსული დამოუკიდებელი მედიის, მედუზას შეფასებით აქციაზე ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, პოლიციის თანახმად, აქციაზე 400 ადამიანი მივიდა. 

აქციაზე ისმოდა ლოზუნგები "გაუშვი", "გააუქმე", "ერთიანმა რუსეთმა მანდატები მოიპარა" – აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგების არ აღიარებენ, მათ გაუქმებას და პოლიპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების ხმის გადასაფარად პოლიციამ სხვადასხვა სიმღერები ჩართო, მათ შორის – "ძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ".

კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი აქციაზე არ მივიდა, ვინაიდან ის პარლამენტში შესული პარტიების ლიდერების და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე იყო. დეპუტატ ვლადიმირ კაშინის თქმით, ზიუგანმა აქციაზე შეკრებილებს მოკითხვა გადასცა. აქცია დაახლოებით ერთ საათში დაიშალა.

აღსანიშნავია, რომ აქციის წინა დღეებში პოლიცია მასობრივად იჭერდა კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებს. დეპუტატ დენის პარფენოვის თქმით, ბოლო 24 საათში რუსეთში პარტიის 60-მდე წარმომადგენელი დააკავეს.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, დუმის არჩევნები 16-19 სექტემბერს გაიმართა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, არჩევნებში პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერმა, მმართველმა პარტიამ ერთიანი რუსეთი 49.82%-ით გაიმარჯვა, კომუნისტურმა პარტიამ 18.93% აიღო, პარტიამ სამართლიანი რუსეთი – 7.46%, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ  – 7.55%, პარტიამ ახალი ხალხი – 5.32%.

 

კომენტარები