არჩევნები 2021

ირაკლი კობახიძე: კონკრეტული სახელები ვიცით, ვინ გაასინჯა გახარიას კოკაინი პირველად

ირაკლი კობახიძე
იმედი

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კვლავ ამბობს, რომ ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლები აქვს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა რომ კონკრეტული სახელი და გვარები იცის თუ "ვინ გაასინჯა გახარიას პირველად კოკაინი". 

"გამოდის კახა კალაძე ამ ინიციატივით და უცებ ვხედავთ განერვიულებულ გიორგი გახარიას, აბსოლუტურად არაჯანსაღ რეაქციებს და ა.შ. ამის შემდეგ დავინტერესდით რაში იყო საქმე და გავარკვიეთ რომ მას აქვს სერიოზული პრობლემა კოკაინთან დაკავშირებით. გვაქვს უტყუარი ინფორმაცია. შიგნიდან არის, ანუ მისმა გარემოცვამ ეს იცის. ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა პირველად ეს და კონკრეტული სახელი და გვარებიც ვიცით. გაასინჯა ეს კოკაინი და მას მერე აქვს ეს პრობლემა. ეს არის ინფორმაცია რაც ჩვენ მივიღეთ. 18 თებერვლის მერე ხდება ეს ყველაფერი".- ამბობს ირაკლი კობახიძე. 

გიორგი გახარიამ 23 სექტემბერს, TV პირველის ეთერში გაიმეორა, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა და ამიტომაც ჩაიტარა ნარკოტესტი ევროპაში. მანვე აღნიშნა, რომ ნარკოტიკებთან კავშირი არასდროს ჰქონია. 

21 სექტემბერს, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართულ მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე, გიორგი გახარიას კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ "არავის არ უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია".  ეს იმ ფონზე, როდესაც ქართულო ოცნების წევრებმა არაერთხელ გააკეთეს მინიშნება გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით. 

"ბანკებით სირბილს ურჩევნია, კოკაინს შეეშვას". - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გახარიას მიერ ავსტრიაში ნარკოტესტის ჩაბარებას. კობახიძე ასევე ამბობს, რომ გახარიას კოკაინის მოხმარების "პრობლემა ბოლო პერიოდში გაუჩნდა". 

გახარიას ინფორმაციით, ვენის ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის კვლევის შედეგად მას არანაირი ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდასტურდა. 

კალაძის მოწოდების შემდეგ გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში ჩაიტარა, რადგან, მისი ინფორმაციით, საქართველოში ტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა.

კომენტარები