ქართული ოპოზიცია

ოპოზიცია იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში ვიზიტით მყოფ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმუნდო ჩირიელს შეხვდნენ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

"ბუნებრივია, ვისაუბრეთ ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიაზეც. გამორიცხულია, სადმე შეხვედრა მქონდეს და ამ ადამიანების ინტერესი ბოლომდე არ დავიცვა. ხოშტარიას ჯანმრთელობის გამწვავებული მდგომარეობა ვახსენეთ". - თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გია ბარამიძემაც.

"ყურადღება იმაზე გავამახვილეთ, რომ ეს რეჟიმი ქართველ ხალხს არ წარმოადგენს - რომ რეჟიმი სხვა არის და საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს, სხვა. თუ საუბარია სანქციებზე, სანქციები უნდა დაუწესდეს რეჟიმს და არა ქართველ ხალხს. პოლიტიკურ პატიმრებზეც ვისაუბრეთ". - ამბობს ბარამიძე.

ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ შეხვედრა კარგი და ინფორმატიული იყო. 

"კარგი და ინფორმატიული საუბარი გვქონდა [...] იტალიის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის არ უნდა დაიკარგოს. ამისთვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ. არის გამოწვევები, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია - მათ ეს ძალიან კარგად იციან და ამაზე საუბარს ქართულ ოცნებასთან შეხვედრაზეც აპირებენ" - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა. 

"საკმაოდ ხანგრძლივი და ძალიან გულღია საუბარი გვქონდა, პრაქტიკულად, ყველა იმ საკითხზე, რაც დღეს აწუხებს ჩვენს ქვეყანას, ოპოზიციას, პოლიტპატიმრებს [...] მათ ესმით ის პრობლემები, რაც საქართველოშია". - თქვა წერეთელმა.

კომენტარები