რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

EP: უკრაინა ევროკავშირის სასესხო პაკეტიდან პირველ €3.2 მილიარდს 25-26 ივნისს მიიღებს

FRANCOIS WALSCHAERTS/AFP

Европейская правда ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველ €3.2 მილიარდს 25-26 ივნისს გდანსკში გამართულ კონფერენციაზე მიიღებს.

"გადაწყდა, რომ პირველი 3.2-მილიარდიანი ტრანშის გამოყოფა [უკრაინის] აღდგენის კონფერენციას დაემთხვეს, რომელიც 25-26 ივნისს გდანსკში გაიმართება." – განუცხადა უკრაინულ მედიას ერთ-ერთმა წყარომ. 

მისივე თქმით, სასესხო პაკეტიდან უკრაინისთვის პირველი ტრანშის გამოყოფის გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღეს.

ამას გარდა, Европейская правда-ს მიხედვით, მოსალოდნელია, რომ უკრაინა €5.9 მილიარდის ოდენობის მომდევნო ტრანშს ივნისის ბოლოს მიიღებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღეში პოლონეთის ქალაქ გდანსკში უკრაინის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით კონფერენციის გამართვა იგეგმება, სადაც მიწვეული არ არის პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი, რომელსაც ბოლო პერიოდში ვოლოდიმირ ზელენსკისთან დიპლომატიური დაპირისპირება ჰქონდა.

27 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომელშიც უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერაციები ცენტრს "УПА-ს გმირების" პატივსაცემი სახელი დაარქვა. ზელენსკის თქმით, ეს გადაწყვეტილება "ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღდგენის მიზნით" მიიღო. 

უკრაინის მეამბოხეთა არმია (УПА) პარტიზანული ფორმირება იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოსთვის ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა. თუმცა, დაჯგუფება ასევე პასუხისმგებელია "ვოლინის ხოცვა-ჟლეტაზეც," რასაც ათეულობით ათასი პოლონელი ემსხვერპლა, ძირითადად, მშვიდობიანი მოსახლეობა. პოლონური მხარის შეფასებით, მომხდარი უკრაინის მეამბოხე არმიის მიერ ჩადენილი გენოციდი იყო, ხოლო უკრაინა ჩადენილ დანაშაულებზე ორმხრივი პასუხისმგებლობის აღიარებას ითხოვდა.

ზელენსკის მიერ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ნავროცკიმ მას პოლონური თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა, რის გამოც მხარეებს შორის დიპლომატიური კრიზისი გაღრმავდა.

"პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობის ფონზე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ დანაყოფს "УПА-ს გმირების" სახელი დაერქვას,"... მე გადავწყვიტე, რომ უკრაინის პრეზიდენტს თეთრი არწივის ორდენი ჩამოვართვა." – განაცხადა ნავროცკიმ 19 ივნისს და განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო მიმართული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

"ეს არ წარმოადგენს პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებაში ცვლილებას." – დაამატა ნავროცკიმ.

მოგვიანებით ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდო ფოსტით დაუბრუნა და პოლონელ ხალხს მადლობა გადაუხადა რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის წინააღმდეგ მათი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ზელენსკისადმი სოლიდარობის ნიშნად თეთრი არწივის ორდენზე უარი თქვეს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომაც.

პარალელურად, მხარეებს შორის დაპირისპირებისი გამო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ აღნიშნა, რომ "ისტორიისა და ორდენების ომში გამარჯვებული მხოლოდ მოსკოვია".

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება პოლონეთის სოლიდარობის მოძრაობის ლიდერმა და ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეხ ვალენამაც გააკრიტიკა, რომელმაც დაწერა, რომ ამ ნაბიჯით ზელენსკიმ მას და მოკლულ პოლონელ თანამემამულეებს შეურაცხყოფა მიაყენა.

"უკრაინის პრეზიდენტმა, УПА-ს ბანდიტებისთვის პატივის მიგებით, მე და ჩვენს მოკლულ თანამემამულეებს შეურაცხყოფა მოგვაყენა. ამიტომ მე გულ-მკერდიდან საჯაროდ უკრაინულ დროშას მოვიხსნი. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში ერისთვის მხარდაჭერას გავაგრძელებ. მე უარს ვამბობ პრეზიდენტი ზელენსკის მხარდაჭერაზე!" – დაწერა ვალენსამ Facebook-ზე 28 მაისს. 

კომენტარები