ნარკოტესტი

კალაძე: არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია

"არავის არ უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია". - ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მერობის კანდიდატების დებატებზე ყოფილი თანაგუნდელისა და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას საპასუხოდ.

გახარიამ კალაძეს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა ქართული ოცნების წევრების ბრალდებებს მის მიმართ ნარკომანიის, ღალატისა და სააკაშილთან კავშირის შესახებ. 

"ნარკომანობასთან დაკავშირებით, მგონი, არავის დაუბრალებია და არავის არ უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება, გიორგი, შენს საქციელს, მე ეს პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი - მე არ მომეწონა ის შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. მე არ შევალ შინაარსში, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე, პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი, შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას მე გარკვეულ როლს ვანიჭებ. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტოს ყველაფერი". - ამბობს კალაძე. 

"ბანკებით სირბილს ურჩევნია, კოკაინს შეეშვას". - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გახარიას მიერ ავსტრიაში ნარკოტესტის ჩაბარებას. კობახიძე ასევე ამბობს, რომ გახარიას კოკაინის მოხმარების "პრობლემა ბოლო პერიოდში გაუჩნდა". 

გახარიას ინფორმაციით, ვენის ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის კვლევის შედეგად მას არანაირი ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდასტურდა. 

კალაძის მოწოდების შემდეგ გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში ჩაიტარა, რადგან, მისი ინფორმაციით, საქართველოში ტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა.

კომენტარები