ტექნოლოგიური გიგანტები

ლიტვის თავდაცვის სამინისტრო: ჩინური ტელეფონები არ შეიძინოთ და რაც უკვე გაქვთ, გადააგდეთ

CNET

ლიტვის თავდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს, თავი აარიდონ ჩინური მობილური ტელეფონების შეძენას და უკვე მფლობელობაში არსებული სმარტფონები სასწრაფოდ მოიცილონ თავიდან. 

სამინისტროს განმარტებით, მსოფლიოს უმსხვილესი ტელეფონების მწარმოებლის, Xiaomi-ს სმარტფონებს პროგრამულად ჩაშენებული აქვთ ცენზურა, რომელიც ავტომატურად ბლოკავს შემდეგ ფრაზებს: "გაუმარჯოს ტაივანის დამოუკიდებლობას", "დემოკრატიული მოძრაობა" ან "თავისუფლება ტიბეტს".

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა პირდაპირ თანხვედრაშია კომუნისტური მთავრობის პოლიტიკასთან. ამ ფრაზების საჯაროდ წარმოთქმა ჩინეთში ნაწილობრივ აკრძალულია, რადგან, კომუნისტური პარტიის წევრების განმარტებით, ისინი "არასწორ" პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავენ.

გარდა ცენზურისა, ლიტვის თავდაცვის სამინისტრო ჩინურ კომპანიებს მომხმარებლების პირადი ინფორმაციის ჩინეთის მთავრობასთან გაზიარებაში ადანაშაულებს. ამ პოზიციას იზიარებს აშშ-ს უსაფრთხოების სამსახურებიც, რის გამოც Huawei, Xiaomi და ZTE ე.წ. შავ სიაში არიან.  

ეროვნული კიბერ ცენტრის ანგარიშით, Xiaomi-ის სმარტფონი სინგაპურის სერვერზე აგზავნიდა დაშიფრულ ინფორმაციას მომხმარებლის აქტივობების შესახებ.

ჩინური კანონმდებლობის თანახმად, მთავრობის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერი ჩინური კომპანია ვალდებულია, დაუყოვნებლივ გადასცეს მთავრობას ნებისმიერი სახის ინფორმაცია მომხმარებლების, პროდუქტებისა და სტატისტიკის შესახებ, მათ შორის მომხმარებლების ძებნის და აქტივობის ისტორიაც კი. 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის კანონმდებლობა შეუძლებელს ხდის ინფორმაციის დაცულობის გარანტირებას და ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. 


უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიებმა კომუნისტური მთავრობის წინაშე მორჩილებისა და მეტი თვითდისციპლინის გამოჩენის პირობა დადეს

ქვეყნის ლიდერის, სი ძინფინგის ბრძანებით, ცნობილ ადამიანებს, მუსიკოსებსა და კინოვარსკვლავებს "არასწორი" პოლიტიკური აზრის გამოხატვა აეკრძალათ, მათ შორის ონლაინ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში. 

კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მთავრობის განკარგულება ზედმიწევნით იქნება შესრულებული და ისინი პირობას დებენ, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ "სუფთა" და "ჯანმრთელი" კიბერსივრცის შესაქმნელად. 

ჩინელი კანონმდებლების თქმით, ის, ვისაც "არასწორი" პოლიტიკური პოზიცია აქვს და ემიჯნება მმართველ პარტიას, მედიის, სოციალური პლატფორმებისა და საზოგადოების მიერ განდევნილი უნდა იყოს. 

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ჩინეთში აიკრძალება ყველა ის კარაოკე სიმღერა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ და ტერიტორიულ მთლიანობას. 

კომენტარები