ცენზურა ჩინეთში

ჩინურმა სოციალურმა პლატფორმებმა კომუნისტური მთავრობის წინაშე მორჩილების პირობა დადეს 

ჩინეთის ლიდერი, სი ძინფინგი
ფოტო: Time.com

უმსხვილესმა ჩინურმა სოციალურმა პლატფორმებმა კომუნისტური მთავრობის წინაშე მორჩილებისა და მეტი თვითდისციპლინის გამოჩენის პირობა დადეს.  

სოციალური გიგანტების, Tencent-ისა და Weibo-ს განცხადება მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს უკავშირდება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას. 

ქვეყნის ლიდერის, სი ძინფინგის ბრძანებით, ცნობილ ადამიანებს, მუსიკოსებსა და კინოვარსკვლავებს "არასწორი" პოლიტიკური აზრის გამოხატვა აეკრძალათ, მათ შორის ონლაინ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში. 

მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, ამ რეგულაციის ეფექტური აღსრულება სოციალურ პლატფორმების მზაობაზეა დამოკიდებული. 

კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მთავრობის განკარგულება ზედმიწევნით იქნება შესრულებული და ისინი პირობას დებენ, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ "სუფთა" და "ჯანმრთელი" კიბერსივრცის შესაქმნელად. 

განცხადებას ხელს აწერს 14 სოციალური პლატფორმა, რომელთაც მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავთ, მათ შორისაა: WeChat, Douyin, TikTok, ByteDance, Tencent და Weibo.  

მმართველი კომუნისტური პარტიის განმარტებით, რეგულაციების მიზანია, "არასწორი და საზიანო" აზრის ამოძირკვით, პატრიოტული გარემოს შექმნა და ქვეყნის ეროვნული ერთობის გაძლიერება. 

ჩინელი კანონმდებლების თქმით, ის, ვისაც "არასწორი" პოლიტიკური პოზიცია აქვს და ემიჯნება მმართველ პარტიას, მედიის, სოციალური პლატფორმებისა და საზოგადოების მიერ განდევნილი უნდა იყოს. 

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ჩინეთში აიკრძალება ყველა ის კარაოკე სიმღერა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ და ტერიტორიულ მთლიანობას. 

კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განმარტებით, სიმღერები არ უნდა აღვივებდეს ეთნიკურ სიძულვილს, აქეზებდეს ძალადობას, ნარკოტიკების მოხმარებას, კრიმინალს, აზარტულ თამაშებს ან კულტებსა და ცრურწმენებს.

"აღნიშნული რეგულაციები ხელს შეუწყობს ძირეულ სოციალისტურ ღირებულებებს და ქვეყანას ეროვნულ და იდეოლოგიურ უსაფრთხოებას შეუნარჩუნებს". – განმარტავენ სამინისტროში. 


ჩინეთის კომუნისტური მთავრობის გადაწყვეტილებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ქვეყნის ლიდერის, სი ძინფინგის "ნააზრევი" დაემატება

განათლების სამინისტროს ცნობით, ძინფინგის მოსაზრებებს სოციალიზმის, პოლიტიკისა და თანამედროვე ჩინეთის შესახებ შეისწავლიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტები.

"ძინფინგის ნააზრევი" ერთგვარი დოქტრინაა, რომელიც 2017 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონსტიტუციაში ჩაეწერა. ის ძინფინგის იდეების და პოლიტიკის გაერთიანებაა, რომელიც 14 მუხლისგან შედგება და ქვეყნის მართვისა და განვითარების ზოგად სტრატეგიას სახავს. 

ახალი გეგმა მიზნად ისახავს, მმართველი პარტიის მორჩილი ახალგაზრდების აღზრდას, რომელთაც ძლიერი პატრიოტული და მარქსისტული ღირებულებები ექნებათ. 

მთავრობის განმარტებით, სასწავლო გეგმის რეფორმა ხელს შეუწყობს მოსახლეობაში სწორი აზრის ჩამოყალიბებას და ქვეყნის გაძლიერებას. 

კომუნისტური პარტიის ღონისძიებაზე სი ძინფინგმა თქვა, რომ ის გეგმავდა პარტიული ღირებულებების საზოგადოებაში გავრცელებით ჩინელი ხალხის გაძლიერებას და გაერთიანებას. 

 

კომენტარები