ტექნოლოგიური გიგანტები

Facebook-მა და Instagram-მა, შესაძლოა, ევროპაში ფუნქციონირება შეწყვიტოს – Meta

კომპანია Meta ევროკავშირის მასშტაბით Facebook-ისა და Instagram-ის ფუნქციონირების შეწყვეტით იმუქრება, რაც კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ახალი რეგულაციის მიღებასთანაა დაკავშირებული.

კანონპროექტის თანახმად, ევროკავშირის მოსახლეობის მონაცემები და პირადი ინფორმაცია საერთაშორისო კომპანიებმა აუცილებლად ევროკავშირის იურისდიქციაში, EU-ს ტერიტორიაზე განთავსებულ სერვერებში უნდა შეინახონ. ევროპელი კანონმდებლების შეფასებით, ახალი რეგულაციის მიღება მიზნად ისახავს მომხმარებლების კონფიდენციალურობის და მათი პირადი მონაცემების დაცვას. 

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, Meta-ს აეკრძალება ევროპელი მომხმარებლების მონაცემების აშშ-ს ტერიტორიაზე გადატანა და შენახვა, რაც კომპანიისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. 

Meta-ს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ კომპანიასა და ევროპელ კანონმდებლებს შორის შესაძლებელი იქნება კომპრომისული ურთიერთშეთანხმების მიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, Meta იძულებული გახდება, რომ ევროკავშირისთვის სოციალური ქსელები გათიშოს. 

აღსანიშნავია, რომ Facebook-ი და Instagram-ი დიდი ხანია გასცდნენ მხოლოდ სოციალური ქსელების ჩარჩოს და მათ ციფრულ ეკონომიკაში უდიდესი როლი აკისრიათ. თანამედროვე მარკეტინგული სტრატეგიების მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურ ქსელებზეა მორგებული, შესაბამისად, მათი გათიშვა ევროპული კომპანიებისა და ბიზნესსექტორისთვის საზიანო იქნება.
 
ექსპერტების შეფასებით, Facebook-ისა და Instagram-ის ფუნქციონირების შეწყვეტა ნაკლებმოსალოდნელია და აღნიშნული მუქარა მოლაპარაკებების წარმოებისათვის გამოყენებული ბერკეტია, რადგან კანონმდებლებსაც და Meta-ს წარმომადგენლებსაც კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს სოციალურ ქსელებს და რამდენადაა ევროკავშირის ეკონომიკა მათ ფუნქციონირებაზე დამოკიდებული. 

აღნიშნული სცენარის განვითარების არარეალისტურობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ევროკავშირი Meta-ს ერთ-ერთი მთავარი ბაზარია, საიდანაც ის შემოსავლის დიდ ნაწილს იღებს. EU-ს ბაზრიდან გასვლა კომპანიას მნიშვნელოვნად დააზარალებს, რასაც, სავარაუდოდ, კომპანიის აქციონერები არ დაუშვებენ.

მოსალოდნელია, რომ კანონმდებლებსა და კომპანიებს შორის გარკვეული კომპრომისული შეთანხმება შედგეს, რადგან ახალი რეგულაცია მხოლოდ Meta-ზე არ ვრცელდება და ის სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებს, Google-ს, Apple-ს, Amazon-ს, Microsoft-ს, Twitter-სა და TikTok-საც ეხება.

იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ შედგება, სავარაუდოდ, ტექნოლოგიურ კომპანიები, მათ შორის Meta-ც, საკუთარი სერვერებისა და ოპერაციების ნაწილს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადმოიტანენ.  

კომენტარები