არჩევნები 2021

წულუკიანი ბანერებზე: საძრახისს ვერაფერს ვხედავ

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ვაქცინაციის ბანერების სიძულვილის გამაღვივებელი ბანერებით შეცვლაში "საძრახისს ვერაფერს ხედავს". 

მისივე თქმით, სიძულვილს აღვივებს "პოლიტიკოსების სახლში შევარდნა ოპონენტების დაქირავებული ჟურნალისტების მხრიდან".

"სიძულვილს აღვივებს ის, რომ ყველა პოლიტიკოსის სახლში არის შევარდნა ან შევარდნის მცდელობები ოპონენტების მხრიდან, მათ მიერ დაქირავებული მედიის წარმომადგენლების მხრიდან, როდესაც მათ შორის ჩვენი შვილები სახლიდან ვერ გამოდიან. ეს ჩემი და სხვების რეალობაა ყოველდღიური. 

როდესაც ჩვენი ყოველდღიურობა არის სიძულვილის კასკადები, არც ჩემს მეუღლეს და არც ჩემს შვილს, არავითარი სურვილი არ აქვთ იყვნენ პოლიტიკაში. როდესაც მოხუცი მშობლების ბინაში იჭრები მოტყუებით, ეს არავის არ გაინტერესებთ და მხოლოდ ბანერი გაინტერესებთ. ამ ბანერში მე საძრახისს ვერაფერს ვხედავ". - ამბობს წულუკიანი. 

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირების ფონზე, ხელისუფლებამ აცრისკენ მოწოდების ბანერებს სიძულვილის გამაღვივებელი, პოლიტიკური შინაარსის ბანერები გადააკრა.

17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!". ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული.

18 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და დაგმო ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სიძულვილის ენის შემცველი ბანერებით ჩანაცვლება.

თბილისის მერი და ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, "გამოხატვის უფლება ყველას აქვს". მისივე მტკიცებით, ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

კომენტარები