არჩევნები 2021

ბოკერია დმანისზე: ძალადობა ივანიშვილის რეჟიმის კამპანიაა ყოველი არჩევნების წინ

ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

"ყოველი არჩევნების წინ ივანიშვილის რეჟიმის კამპანია არის სიძულვილის და ოპონენტების დემონიზების, მათი სამიზნედ ამოღების, მათ შორის ყველაზე უფრო აგრესიული რიტორიკით". - ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

ამის სადემონსტრაციოდ ბოკერიამ სხვადასხვა წელს წინასაარჩევნო დაპირისპირებების ამსახველი ვიდეოები აჩვენა. 

"ჩვენ ვხედავთ როგორ ძალადობენ რეჟიმთან დაახლოებული, მის მიერ დაქირავებული, მისი წევრი პირები, რომლებიც როგორც წესი არიან კრიმინალური სამყაროდან, ან სამწუხაროდ სპორტსმენები, რომლებიც სამწუხაროდ დაკავშირებული არიან კრიმინალურ სამყაროსთან. ჩვენ გვაქვს მთელი გაგრძელება ამ პროცესის ერთი და იგივე ადამიანებისგან, რომლებიც ამ ძალადობაში არიან ჩართულები. 

ბოლო სამარცხვინო ძალადობრივ ფაქტში ეჭვმიტანილი ბრალდებული თუ არ ვცდები ჩაბარდა პოლიციას, არ უნდა მოვტყუვდეთ ამით, ჩვენ გავქვს გამოცდილება, რომ ამ პირებს ან საერთოდ არ სჯიან, ან ჯარიმას იხდიან, ან უკიდურეს შემთხვევაში, როცა საზოგადოებრივი ან საერთაშორისო წნეხია, რამდენიმე თვეში გამოდიან გარეთ. 

ამ ხალხმა და ვინც ამათ ქირაობს, ყველამ იცის, რომ ეს არის გარიგება, შეთანხმებაა ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან და არავინ არ დაისჯება ისე, რომ ეს იყოს შემაკავებელი შემდგომში ძალადობის და ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე სცენარს ექნება ადგილი". - ამბობს ბოკერია. 

დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტის დაჭრის ფაქტზე ინფორმაცია 21 სექტემბერს პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, "თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი".

მიხეილ დაუთაშვილი, რომელსაც ოქრიაშვილი აქტივისტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ამტკიცებს, რომ, შესაძლოა, ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენეს. 

დღეს, 22 სექტემბერს, სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დმანისში 1 პირი - 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს. სავარაუდოდ, სწორედ ის არის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილი, დავით დაუთაშვილი,რომელსაც კახა ოქრიაშვილი აქტივისტებზე თავდასხმაში ადანაშაულებდა.

კომენტარები