არჩევნები 2021

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა. ინფორმაციას სამოქალაქო საარჩევნო კომისია FACEBOOK-ზე ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი სრულად პროსამთავრობო, ცესკო-ს მიერ წლების განმავლობაში დაფინანსებული ორგანიზაციებით დაკომპლექტდა. 

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევით, დადგინდა, რომ საკონსულტაციო ჯგუფში მყოფმა 9 ორგანიზაციამ ცესკო-სგან 2 341 229 ლარის დაფინანსება მიიღო. 

საქალაქო საარჩევნო კომისია გრანტების შესახებ ინფორმაციასაც ავრცელებს

საკონსულტაციო ჯგუფის დაშლაზე ინფორმაცია ტაბულას ცესკო-ში დადასტურეს და აღნიშნეს, რომ  ჯგუფი განკარგულების საფუძველზე დაიშალა.

"განცხადება დაწერეს წევრებმა ჯგუფის დატოვებასთან დაკავშირებით. შესაბამისი განკარგულება ვებგვერდზეც აისახება ხვალ დილიდან".- აცხადებენ ცესკოში. 

8 აგვისტოს ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესი საერთაშორისო გამჭვირვალობამ და სამართლიანმა არჩევნებმა დატოვეს.  საერთაშორისო გამჭვირვალობა მიზეზად ასახელებს იმ ფაქტს, რომ ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შესარჩევად მიწვეული შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა კვალიფიციური და სანდო ადამიანების შერჩევას ვერ უზრუნველყოფს. 


საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს უგანდის და ბელარუსის საარჩევნო კომისია დააკვირდება. 

 არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ასევე დააკვირდებიან საერთაშორისო საქმეთა ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), აშშ-ს, თურქეთის, იტალიის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, ლიტვის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები