არჩევნები 2021

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს უგანდის საარჩევნო კომისიაც დააკვირდება

ტაბულა

საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს უგანდის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიაც დააკვირდება. 

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 5  სექტემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, უგანდის კომისიას, რომლის მდივანი ლეონად მულეკვაჰია, 1 რეგისტრირებული დამკვირვებელი ჰყავს. 

ასევე, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებს ბელარუსის ცესკოც დააკვირდება. არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ასევე დააკვირდებიან საერთაშორისო საქმეთა ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), აშშ-ს, თურქეთის, იტალიის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, ლიტვის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები