ვაქცინაცია საქართველოში

ბოლო 3 დღეა, საქართველოში I დოზით დღეში საშუალოდ მხოლოდ 5 670 ადამიანი იცრება

19 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჯამში 1 646 441 აცრა ჩატარდა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 945 291 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.1%, აქედან ორჯერადად - 701 150 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 24.6%).

აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვეში პირველი დოზით აცრებზე ჯავშნებმა დაიკლო, ამას ჯანდაცვის უწყების დ NCDC-ის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. 1-14 სექტემბრის პერიოდში პირველი დოზით მხოლოდ 117 793 ადამიანი აიცრა - დღეში საშუალოდ 8 413. თუმცა, ბოლო დღეებში ეს მონაცემი კიდევ უფრო შემცირდა.

NCDC-ის მონაცემებით, 16 ივლისს დილით ჯამურად ჩატარებული 1 589 024 აცრიდან სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებული იყო 928 192 ადამიანი, ხოლო სრულად - 660 832. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო სამ დღეში სულ 57 417 აცრა ჩატარდა, საიდანაც მხოლოდ 17 099 ადამიანი აიცრა პირველი დოზით (დღეში საშუალოდ 5 670), ხოლო 40 318 - მეორე დოზით (დღეში საშუალოდ 13 440).

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოს ბოლოს რამდენჯერმე თქვა, რომ "ჩვენი ამოცანაა, სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი. აქედან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი იქნება უკვე ორჯერადად აცრილი".

1-15 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ყოველდღიურად პირველი დოზით საშუალოდ მხოლოდ 8 413 ადამიანი იცრებოდა, ხოლო 1-19 სექტემბრის მონაცემებით, ეს რიცხვი 7 956-მდე შემცირდა. ამ ტემპით, სექტემბრის დარჩენილ 12 დღეში პირველი დოზით 95 472 ადამიანი აიცრება და სულ მცირე ერთი დოზით, 1 040 763 ადამიანი იქნება ვაქცინირებული და არა ორი მილიონი, რაც პრემიერმინისტრის "ამოცანაა".

ირაკლი ღარიბაშვილის დაპირება და სურვილი რომ ახდეს, ამისთვის დარჩენილ 12 დღეში 79 936 ადამიანი უნდა იცრებოდეს ყოველდღიურად პირველი დოზით.

უფრო რეალურია, რასაც NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე უსვამს ხაზს, რომ სექტემბრის ბოლომდე ორი მილიონი აცრა იყოს ჩატარებული, ამაში შედის როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად აცრილები. ამ შემთხვევაში, თვის ბოლომდე კიდევ 353 559 აცრა უნდა ჩატარდეს, ანუ დღეში დაახლოებით 29 464. აქამდე, NCDC-ის სტატისტიკით, სექტემბრის გასულ 18 დღეში, აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი საშუალოდ 24 210 იყო.

კომენტარები