რუსეთი

უკრაინის ოკუპირებული რეგიონიდან რუსეთში არჩევნებზე ჩასულებს პასპორტები უბნებზე დაურიგეს

დონეცკის მცხოვრებლები რუსეთში, როსტოვის ოლქში ხმის მიცემისთვის ავტობუსებით გადაჰყავთ. 17 სექტემბერი, 2021
Александр Ермоченко / Reuters / Scanpix / LETA

რუსეთში, როსტოვის ოლქში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან ხმის მისაცემად ჩასულებს რუსული პასპორტები საარჩევნო უბნების წინ დაურიგეს. ინფორმაციას რუსული მედია Дождь-ი ავრცელებს.

არხთან საუბრისას ერთ-ერთი ამომრჩეველი ამბობს, რომ მან პასპორტი მატვეევო-კურგანსკის დასახლებაში ჩასვლის შემდეგ მიიღო და ძალიან უხარია, რომ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება აქვს.

გამოცემა Кавказский узел კი წერს, რომ 17 სექტემბერს, რუსეთის დუმის არჩევნების მეორე დღეს, პასპორტები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მცხოვრებმა 400 ადამიანმა მიიღო, რის შემდეგაც ისინი როსტოვის ოლქში ხმის მისაცემად წაიყვანეს.

ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა დენის პუშილინმა 15 სექტემბერს თქვა, რომ სეპარატისტული რეჟიმი უზრუნველყოფდა 825 საავტობუსო და 12 სარკინიგზო რეისს როსტოვის ოლქში, რათა რეგიონის მცხოვრებლებს, რომლებსაც რუსული პასპორტები აქვთ, რუსეთის დუმის არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება ჰქონოდათ.

2021 წლის ივნისის მონაცემებით რუსეთის მოქალაქეობა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების 600 000 მცხოვრებმა მიიღო.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, დუმის არჩევნები 16 სექტემბერს დაიწყო და 3 დღე გაგრძელდება. არჩევნების სამი დღის განმავლობაში ჩატარება პანდემიით არის განპირობებული. დუმის არჩევნების პარალელურად რუსეთის ფედერაციის მოსახლეობა გუბერნატორებსა და ადგილობრივ საბჭოებს ირჩევს.

კომენტარები