არჩევნები 2021

ხაბეიშვილი: აცრის ბანერების ხელშეკრულება 31 დეკემბრამდეა – ოცნების დამოკიდებულებას აჩვენებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, აცრისკენ მოწოდების ბანერები, რომლებსაც სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო ბანერები გადააკრეს, ხელშეკრულებით 31 დეკემბრამდე უნდა დარჩენილიყო. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ეს პანდემიის მიმართ ხელისუფლების გულგრილ დამოკიდებულებას აჩვენებს.

"აცრის ბანერი რატომ იყო? იმიტომ, რომ 8 000 ადამიანია გარდაცვლილი. უკაცრავად, მაგრამ ხელისუფლების კისერზეა, რომ ვაქცინა დროზე ვერ შემოიტანეს, საავადმყოფოებში შესაბამისი მედიკამენტები არ აქვთ, ჟანგბადის ბალონების პრობლემა აქვთ, მილიარდობით ლარი მოიპარეს, ჯიბეში ჩაიდეს და ამ დროს, ერთადერთი, რამდენიმე ათეული ბილბორდი გააკრეს, როგორც თავის ბილბორდებს აკრავდნენ, ასე ნამდვილად არ შეუწუხებიათ თავი. 

გააკრეს ეს ბილბორდები და ისინიც კი ჩამოხსნეს, არადა ხელშეკრულება 31 დეკემბრამდე იყო. ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ადამიანების ჯანმრთელობის, სიცოცხლის მიმართ. სად სცალიათ, ადამიანი თუ მოკვდება, ვინმე ვაქცინას თუ არ გაიკეთებს და ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება, კალაძე ან ღარიბაშვილი ინერვიულებს მაგაზე?" – თქვა ხაბეიშვილმა TV პირველის ეთერში.

 17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!" ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ხელისუფლებამ ისინი ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა. 

მსგავსი შინაარსის ჰომოფობიური პლაკატები თბილისში ივლისშიც გამოაკრეს

კომენტარები