ფარული მოსმენები

საპატრიარქო ფარულ მოსმენებზე: ველოდებით ხელისუფლების მხრიდან განმარტებებს, თუ რა იყო მიზანი

ვექტორი,

კითხვაზე, რას ნიშნავს საპატრიარქოს წარმომადგენლების მოსმენა, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პასუხობს, რომ ეს უსიამოვნო ფაქტია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბოტკოველმა თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას სავარაუდოდ უახლოეს ორ დღეში გაავრცელებს. 

"ველოდებით ხელისუფლების მხრიდან მკაფიო განმარტებებს, თუ რა იყო ამის მიზანი და რისთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ სადღეისოდ ჩემი მხრიდან თემის განვრცობას, გაგრძელებას არანაირი შედეგი არ ექნება. სჯობს, დაველოდოთ საპატრიარქოს განცხადებას, ის დამუშავების პროცესშია და იქ მოცულობითად იქნება ყველაფერი ნათქვამი ჩვენს ფიქრებთან დაკავშირებითაც, გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც და შეფასებით ნაწილშიც შევაფასებთ, თუ როგორ და რა ხდებოდა.

უახლოეს ორ დღეში სავარაუდოდ განცხადება იქნება და ზოგად შეფასებას გავაკეთებთ. პირველად იქნება ზოგადი შეფასება, რადგანაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, რომ დაიწყო გამოძიება ამ ფარულ გადაღებებთან და მის გარეთ გამოტანასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები