კრიპტოვალუტა

სალვადორში ბიტკოინის ეროვნულ ვალუტად მიღებას აპროტესტებენ 

"არა ბიტკოინს" – დემონსტრანტი სან-სალვადორიდან
BBC

სალვადორის მოსახლეობის ნაწილი ბიტკოინის ეროვნულ ვალუტად მიღებას და მთავრობის გადაწყვეტილებებს აპროტესტებს

7 სექტემბერს სალვადორი მსოფლიოს პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც ბიტკოინი ანგარიშსწორების, საგადასახადო და სარეზერვო საშუალებად მიიღო. 

სალვადორის ახალი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ყველა ეკონომიკური სუბიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს ბიტკოინის ანგარიშსწორების საშუალებად მიღება. 

დედაქალაქ სან-სალვადორის ქუჩებში გამოსული მოსახლეობა პრეზიდენტ ნაიიბ ბუკელეს დიქტატორს, ბიტკოინის მიღებას კი არაკონსტიტუციურს უწოდებს. 

"ბიტკოინის საკითხი უდიდესი ეკონომიკური გადაწყვეტილება იყო, რომელიც სრულად არალოგიკურად, კონგრესში გაგზავნის დღესვე მიიღეს, განხილვისა და მსჯელობის გარეშე. ეს ნამდვილი დიქტატურაა". – თქვა ოპოზიციონერმა კანონმდებელმა, კლაუდია ორტიზმა. 

სალვადორში ანტისამთავრობო პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბუკელემ, მიუხედავად კონსტიტუციური შეზღუდვისა, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის უფლება მიიღო.

დემონსტრანტებს ხელში პლაკატები ეჭირათ შემდეგი წარწერებით: "არა ბიტკოინს", "არა დიქტატურას", "ბუკელეს რეჟიმი უნდა დაემხოს" და "დავიცვათ კონსტიტუცია". 

სალვადორი მწვავე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, სიღარიბე, უმუშევრობა და ინფლაცია ქვეყნის ძირითადი პრობლემებია. 

"ჩვენი ქვეყანა მძიმე მონეტარული და ფისკალური კრიზისის წინაშეა, მთავრობის პასუხი კი სერიოზული ეკონომიკური პოლიტიკის გატარების ნაცვლად, ბიტკოინის ეროვნულ ვალუტად მიღებაა, რაც არათუ აგვარებს, არამედ ამწვავებს სალვადორის პრობლემებს". – თქვა ორტიზმა. 

დემონსტრანტების თქმით, ბიტკოინის ფასის მერყეობა საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას და ამას ის ფაქტიც ამწვავებს, რომ ეროვნული ბანკი სარეზერვო აქტივადაც კრიპტოვალუტას იყენებს და 600-მდე ბიტკოინს ფლობს. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი სალვადორის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ. 

IMF-ის შეფასებით, სალვადორის მიერ ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად აღიარება მაკროეკონომიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. კრიპტოვალუტის ფასის მერყეობა კი საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას. 

ივნისში მსოფლიო ბანკმა უარყო სალვადორის თხოვნა ბიტკოინის იმპლემენტაციის პროცესში დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. ოფიციალური წარმომადგენლობის განმარტებით, სალვადორის თხოვნის უარყოფა ბიტკოინთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხებითა და კრიპტოვალუტის ტრანზაქციის პროცესის გაუმჭვირვალობითაა განპირობებული.  

კრიპტოვალუტის მოხმარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და სისტემის შესაქმნელად სალვადორი კომპანია Strike-თან თანამშრომლობს. 

Strike-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ მალერსის თქმით, ბიტკოინი ერთადერთი რეალური გამოსავალია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც სალვადორია, სადაც ეკონომიკა სუსტია, საფინანსო სისტემები განუვითარებელი და მოსახლეობა ღარიბი. 

სალვადორის 6.5-მილიონიანი მოსახლეობის 70%-ს არ აქვს საბანკო ანგარიში და არ შეუძლია საფინანსო სერვისებით სარგებლობა. ქვეყნის მშპ-ის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებზე მოდის.  

მალერსის განმარტებით, კრიპტოვალუტა სალვადორს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება, რადგან დეცენტრალიზებულ საფინანსო სისტემებს შეუძლიათ ტრადიციული საბაკო სისტემების ჩანაცვლება, ბიტკოინს კი – ოქროსა და ფულის. 

"ბიტკოინი საუკეთესო სარეზერვო აქტივი და მონეტარული ქსელია, რომელიც ოდესმე შექმნილა. ბიტკოინის ქონა განვითარებადი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს სავალუტო შოკებისა და ფიატური ფულის ინფლაციისაგან თავის დაცვის საშუალებას აძლევს". – თქვა მალერსმა.


პრეზიდენტ ნაიიბ ბუკელეს თქმით, სალვადორი მხოლოდ კრიპტოვალუტის გამოყენებას არ დასჯერდება და შემდეგი მიზანი მაინინგის პროცესში ჩართვაა. 

მთავრობის გეგმის თანახმად, კრიპტოვალუტის მაინინგისთვის სალვადორში არსებულ გეოთერმულ ელექტროსადგურს გამოიყენებენ, რომელიც ენერგიას ვულკანიდან გამოიმუშავებს. 

ვულკანური გეოთერმული ენერგია ითვლება ენერგიის სუფთა და განახლებად წყაროდ, რომელიც გარემოს არ აბინძურებს. 

ბუკელეს თქმით, პროექტზე სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია LaGeoSV იმუშავებს, ბიტკოინის მაინინგცენტრის მშენებლობა კი გეოთერმული სადგურის ახლოს იგეგმება. 

კომენტარები