არჩევნები 2021

სირცხვილია: კობახიძის განცხადება ტყუილია, მათგან განსხვავებით, სიცოცხლის ფასი ვიცით

ტაბულა

მოძრაობა სირცხვილია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სირცხვილიას წარმომადგენელს კილერის აყვანის "იდეის დატესტვა" სთხოვეს, ტყუილს უწოდებს. მოზღაობაში განმარტავენ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია სირცხვილიას არცერთ წევრს, არცერთ საკომუნიკაციო არხსა თუ რეალურ სივრცეში არასდროს განუხორციელებია, – "რადგან მათგან [ქართული ოცნებისგან] განსხვავებით, კარგად ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი".

გთავაზობთ მოძრაობის სრულ განცხადებას უცვლელად:

"ვითვალისწინებთ რა, ირაკლი კობახიძის წინა 100 განცხადებას, ვფიქრობთ, რომ მის ბრალდებებზე სერიოზულად პასუხი სასაცილოა. თუმცა ამავდროულად ვითვალისწინებთ მის პოლიტიკურ თანამდებობას და თავს ვალდებულად მივიჩნევთ მას პასუხი გავცეთ.

ირაკლი კობახიძის განცხადება მოძრაობა სირცხვილიასთან დაკავშირებით ტყუილია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია სირცხვილიას არცერთ წევრს, არცერთ საკომუნიკაციო არხსა თუ რეალურ სივრცეში არასდროს განუხორციელებია, რადგან მათგან განსხვავებით, კარგად ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ სისტემიდან გაჟონილია უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის მასალები, რომლებიც პრაქტიკულად საჯაროდ ხელმისაწვდომია. აღნიშნული მასალები სრულად გადაამოწმა მოძრაობა სირცხვილიას გუნდმაც და მასში მსგავსი კრებსი ფიზიკურად არ არსებობს. თუმცა, ქართულმა ოცნებამ კარგად იცის, რომ მასალები საკმაოდ ვრცელია და მისი გადამოწმება რიგითი მოქალაქეებისთვის ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ მიმართავენ მათთვის კარგად ნაცნობ პროპაგანდისტულ ხერხებს - გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით, ცდილობენ საზოგადოებას საკუთარი ტყუილი სიმართლედ შეასაღონ.

თუ აქამდე მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიებისთვის ფეისბუქზე ყალბ ანგარიშებსა და სამთავრობო მედიებს იყენებდნენ, ახლა თავად ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოგვევლინა ტროლის როლში (სიზუსტისთვის უნდა ვთქვათ, რომ ეს შემთხვევა პირველი არ არის, თუმცა ამჯერად ბრალდებები კიდევ უფრო მძიმეა).

ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის ჩვენი მოძრაობა, ჩამოყალიბების დღიდან, გადაულახავი წინააღმდეგობაა, რაც ძალიან გვახარებს.

მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოძრაობა სირცხვილია იქნება ერთ-ერთი ძირითადი აქტორი, რომელიც სამოქალაქო საარჩევნო კომისიის პროექტის ფარგლებში არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და შედეგებით მანიპულაციაზე დროულ და გამჭვირვალე, დოკუმენტირებულად დადასტურებულ ინფორმაციას გაავრცელებს. ეს კარგად იცის ქართულმა ოცნებამ და მათი პროპაგანდისტული მანქანა უკვე მთელი ძალისხმევითაა მიმართული ჩვენი მოძრაობის წინააღმდეგ. ამიტომ ყურადღებით ადევნეთ თვალი, პოლიტიკურ პროცესებსა და ჩვენი მოძრაობის აქტივობებს". – განმარტავენ მოძრაობა სირცხვილიაში.

დღეს, 15 სექტემბერს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სირცხვილიას წარმომადგენელს კილერის აყვანის "იდეის დატესტვა" სთხოვეს. 

კობახიძის თქმით, ინფორმაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აქვთ, რადგან "მოშლილია გუნდი და მარტივად ჟონავს ინფორმაცია მათი ოფისებიდან". მისივე სიტყვებით, ინფორმაციას რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან კავშირი არ აქვს. 

კომენტარები