ვაქცინაცია საქართველოში

"ამოცანაა 2 მლნ ადამიანის აცრა" – რამდენი იცრება და რამდენი უნდა იცრებოდეს თვის ბოლომდე

ტაბულა

"ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი. აქედან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი იქნება უკვე ორჯერადად აცრილი, ალბათ, მილიონს უკვე გადატანილი ექნება და აქვს კიდევაც უკვე გადატანილი" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 აგვისტოს განაცხადა. იქამდეც, რამდენიმე დღით ადრე, პრემიერმიმინისტრმა თქვა, რომ "ამ ტემპების შენარჩუნებით, ჩვენ შეგვიძლია, სექტემბრის ბოლოს 2 მილიონი ადამიანი იყოს აცრილი".

15 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში 1 561 228 აცრაა ჩატარებული, საიდანაც სულ მცირე ერთი დოზით აცრილია 919 876 ადამიანი. აქედან ორჯერადად - 641 352 ადამიანი.

იმას, რომ პირველად დოზებზე ჯავშნები შემცირდა, ეპიდემიოლოგები თავად აღიარებენ. 1 სექტემბრის დილის მდგომარეობით, სულ ჩატარებული იყო 1 210 746 აცრა, სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებული იყო 802 083 ადამიანი, ხოლო სრულად - 408 663 ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ 14 დღეში საქართველოში სულ ჩატარდა 350 482 აცრა. აქედან მეორე დოზით აიცრა 232 689, ხოლო პირველი დოზით მხოლოდ 117 793 ადამიანი.

ამ სტატისტიკის მიხედვით, ყოველდღიურად პირველი დოზით საშუალოდ მხოლოდ 8 413 ადამიანი იცრებოდა. ამ ტემპით, სექტემბრის დარჩენილ 16 დღეში პირველი დოზით 134 620 ადამიანი აიცრება და სულ მცირე ერთი დოზით, 1 054 500 ადამიანი იქნება ვაქცინირებული და არა ორი მილიონი, რაც პრემიერმინისტრის "ამოცანაა".

ირაკლი ღარიბაშვილის დაპირება და სურვილი რომ ახდეს, ამისთვის დარჩენილ ნახევარ თვეში არა 8 413 ადამიანი, არამედ, 67 506 ადამიანი უნდა იცრებოდეს ყოველდღიურად პირველი დოზით.

უფრო რეალურია, რასაც NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე უსვამს ხაზს, რომ სექტემბრის ბოლომდე ორი მილიონი აცრა იყოს ჩატარებული, ამაში შედის როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად აცრილები. ამ შემთხვევაში, თვის ბოლომდე 438 772 აცრა უნდა ჩატარდეს, ანუ დღეში დაახლოებით 27 500. აქამდე, NCDC-ის სტატისტიკით, გასულ ორ კვირაში, დღეში საშუალოდ 25 000 ადამიანი იცრებოდა. 

კომენტარები