ავღანეთი

BBC: თალიბები პანჯშირის ხეობაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ

ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლები პანჯშირში

BBC-ის ცნობით, თალიბანის მებრძოლებმა პანჯშირში, სადაც მათ ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი ებრძვის, მშვიდობიანი მოსახლეები დახოცეს. რეგიონი ფაქტობრივად მოწყვეტილია გარე სამყაროს და რთულია ადგილობრივებთან კონტაქტი, თუმცა BBC-მ მაინც შეძლო ცნობების მოპოვება.

ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს კაცი, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია და თალიბების ალყაშია. ისინი კაცს ესვრიან, რის შემდეგაც ის მიწაზე ეცემა. ვიდეოში ისმის ადგილობრივის ყვირილი, რომ კაცი მშვიდონიანი მოქალაქეა. რეგიონში სამხედრო ტანსაცმელი მართლაც ხშირად აცვიათ მშვიდობიან მოქალაქეებსაც. 

BBC-ის ცნობით, პანჯშირში ბოლო დღეებში მინიმუმ 20 მსგავსი შემთხვევა მოხდა. 

ერთ-ერთი მოკლული იყო მაღაზიის მეპატრონე და ორი შვილის მამა, რომელმაც სახლი არ დატოვა, როდესაც რეგიონში თალიბანი დაწინაურდა. ადგილობრივი წყაროების თქმით, ის ამბობდა: "მე მაღაზიის ერთი საწყალი მეპატრონე ვარ და ომთან არაფერი მესაქმება".

ის თალიბებმა მაინც დაიჭირეს, ბრალდებით, რომ ის პანჯშირის მოწინააღმდეგეებზე სიმ ბარათებს ყიდდა. რამდენიმე დღის შემდეგ, კაცის გვამი მის სახლთან დააგდეს. ადგილობრივთა თქმით, მას წამების კვალი ეტყობოდა. 

ასევე, მედიის ცნობით, თალიბებს პანჯშირის რეგიონი ბლოკადაში ჰყავთ და არ უშვებენ საკვების შესვლას. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი. თალიბანი აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობა დაიკავა, თუმცა ამას უარყოფენ წინააღმდეგობის წევრები. აჰმად მასუდმა მთელ ავღანეთს ეროვნული წინააღმდეგობის დაწყებისკენ მოუწოდა.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები