ავღანეთი

თალიბანის მთავრობის 4 მაღალჩინოსანი 2014 წელს აშშ-მ ამერიკელ დეზერტირ ტყვეში გაცვალა

ბოუი ბერგდალი და მასში გაცვლილი 5 თალიბი
ABC

2014 წელს ობამას ადმინისტრაციამ გუანტანამოს ციხეში პატიმრობაში მყოფი 5 თალიბი თალიბანის მიერ დატყვევებულ ამერიკელ სამხედროს, ბოუი ბერგდალის სანაცვლოდ გაათავისუფლა. დღეს, 5 თალიბიდან 4 ავღანეთის ახალი მთავრობის წარმომადგენელია

7 სექტემბერს თალიბანმა ავღანეთის ახალი მთავრობა დაადგინა. როგორც გაირკვა, თანამდებობეს დაიკავებენ გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმრებიც, რომლებიც ბერგდალის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ყოფილი პატიმრები არიან: ხაირულა ხაირხვა, ნორულა ნური, აბდულ ჰაკ ვასიქი და მუჰამედ ფაზლი. 

ხაირხვა შეასრულებს ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის მოვალეობას. ნური იქნება საზღვრებისა და ტომობრივი საკითხების მინისტრი. ვასიქი დაზვერვას უხელმძღვანელებს. ფაზლი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იქნება. 

ვასიქი დაზვერვის მეთაურის მოვალეობას თალიბანის წინა მთავრობის დროსაც ასრულებდა, 11 სექტმებრის ტერაქტების პერიოდში. ვარაუდობენ, რომ მას ახლო კავშირი აქვს დაჯგუფება ალ-კაიდასთან. ყოფილ მოვალეობას დაუბრუნდა მუჰამედ ფაზლიც.

ბოუი ბერგდალი თალიბანის ტყვეობაში 2009-2014 წლებში იმყოფებოდა. დატყვევებამდე ის პირველი კლასის რიგითი იყო, ტყვეობის დროს ის დაუსწრებლად დააწინაურეს სერჟანტის რანკზე. როგორც შემდეგში გაირკვა, 2009 წელს, დატყვევებამდე ბერგდალმა საკუთარი პოსტი მიატოვა. 2017 წელს მან დეზერტირობის ბრალი აღიარა. ის კვლავ რიგითის რანკზე ჩამოაქვეითეს და ყოველ თვე $1000 დოლარი ჩამოეჭრებოდა ხელფასიდან. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი. თალიბანი აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობა დაიკავა, თუმცა ამას უარყოფენ წინააღმდეგობის წევრები. აჰმად მასუდმა მთელ ავღანეთს ეროვნული წინააღმდეგობის დაწყებისკენ მოუწოდა.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები