კორონავირუსი და ეკლესია

კოვიდგადატანილი მეუფე ამბობს, რომ თუ ადამიანს ღვთის რწმენა აქვს, კორონავირუსი არ შეხვდება

"ყველაფერი მაინც რწმენასთან არის დაკავშირებული, თუ ადამიანს ღვთის რწმენა აქვს, მას არ შეხვდება ეს ვირუსი" - ამის შესახებ ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა მარიამობის დღესასწაულზე, კორონავირუსზე ქადაგებისას თქვა. აღსანიშნავია, რომ თავად მეუფე იობმა Covid 19 გასული წლის დეკემბერში გადაიტანა და ის კლინიკაშიც იმყოფებოდა.

ურბნელი მიტროპოლიტი ახლა ვაქცინაციაზე კონსპირაციებს მიმართავს და ამბობს, რომ "ზედა ეშელონებში" სხვა ვაქცინას უკეთებენ, ხოლო უბრალო ხალხს" - სხვას.

"ჩვენ კი არ განვიკითხავთ და კი არ განვსჯით მათ გადაწყვეტილებას, ვინც ვთქვათ, ვაქცინას ღებულობს, ვინც უფრო მეტად ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე და ფიქრობს, რომ აი, ჩვენ გადავრჩებით, მაგრამ ამაშიც არ ყოფილა გამოსავალი, ჩვენ ვხედავთ, რომ ვაქცინირებული ადამიანებიც გადიან ამ ქვეყნიდან. ისიც გავიგეთ, რომ თურმე ზედა ეშელონებში სხვა ვაქცინას იკეთებენ და უბრალო ხალხს სხვა ვაქცინას უკეთებენ, ე.ი ელიტა გადარჩეს და სხვა სულ არ აინტერესებს არავის... ყველაფერი მაინც რწმენასთან არის დაკავშირებული, თუ ადამიანს ღვთის რწმენა აქვს, მას არ შეხვდება ეს ვირუსი, თუ ადამიანს აქვს ვაქცინის რწმენა, შეიძლება ისიც გადარჩეს, თავისი რწმენიდან გამომდინარე" - ამბობს მეუფე იობი.

ურბნელი მიტროპოლიტი ვაქცინაციასთან დაკავშირებით "გაყოფილ საზოგადოებაზეც" საუბრობს.

"ზოგი მართა არის, ზოგი მარიამი. მართა არის ის, ვინც ზრუნავს, ვინც ფიქრობს, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, გადარჩეს, თუ სასარგებლო არაა შენი გადარჩენა ღვთისათვის, რად გინდა ასეთი სიცოცხლე? ყალბია ასეთი ცხოვრება, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანიო. არ ჯობია, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ? ვინ არის ჯანმო? ე.ი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც მოგვიწოდებს... ჯერ რა, იცი? არის მართლმადიდებელი? არის ეკლესიური?" - ამბობს მეუფე იობი.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით არაერთი სასულიერო პირი დაავადდა, რამდენიმე კი გარდაიცვალა - მათ შორის, პანდემიის უარმყოფელი დეკანოზი, დავით ქვლივიძე, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი, მეუფე ლაზარე, დეკანოზი ზურაბ პაპიძე, დეკანოზი პეტრე ახვლედიანი, არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი, მღვდელი დავით მაჩიტაძე და სხვ.

კომენტარები