კორონავირუსი და ეკლესია

მარიამობის ქადაგება – არცერთი სიტყვა კოვიდზე, არცერთი სიტყვა ვაქცინაციაზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ ქვეყნის მთავარი საკათედრო ტაძრის ამბიონიდან, დამძიმებული ეპიდვითარებისა და ყოველდღიურად გარდაცვლილი ათეულობით ადამიანის მიუხედავად, მრევლი კვლავ საერთო კოვზით აზიარა, ზიარების შემდეგ კი არც ერთი სიტყვა არ ახსენა კოვიდპანდემიასა და ვაქცინაციის აუცილებლობაზე. 

საპატრიარქოს ოფიციოზის არც ერთ წარმომადგენელს, არც კათოლიკოს-პატრიარქი ილიას, ამ დრომდე ვაქცინაციისკენ არც პირადი მაგალითით და არც სხვა განცხადებით საზოგადოებისთვის არ მოუწოდებია. საპატრიარქო ვაქცინაციის პროცესისგან განზე რჩება და არაფერს აკეთებს მრავალი იერარქისა და მღვდლის ანტივაქსერული კონსპირაციების შესაჩერებლად. 

მეუფე შიოს ქადაგებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს განსაკუთრებული დღე გახლავთ. როგორც არასდროს, ამ დღეს ვგრძნობთ ღვთისმშობლის სიახლოვესა და მის მფარველობას [...] ღვთისმშობელი ჩვენთან არის და ჩვენც, ქართველებს კიდევ გვაქვს ეს განსაკუთრებული ნუგეში, რომ მან იწილხვედრა ჩვენი ქვეყანა და ამით გამოავლინა განსაკუთრებული მფარველობა ჩვენი ერის მიმართ. ჩვენ გვაქვს ეს საოცარი გამოცდილება, როცა მივმართავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენი განსაცდელების ჟამს, იგი ისმენს ჩვენს ლოცვებს, შეივედრებს და გვეხმარება, გვეწევა [...] ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ყოველი ჩვენგანის ზეციური დედა და იგი არის ჩვენი მეოხე, მფარველი, ნუგეშისმცემელი და შემწე ჩვენი ცხოვრებისეული ჯვრის ტვირთვაში. მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა მისი სიყვარული და მეოხება, შუამდგომლობა. ის იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისაგან. ამას გვასწავლის დღევანდელი დღესასწაული და წმინდა ეკლესია. სიკვდილისგან იხსნის ღვთისმშობელი ჩვენს სულებს. ჩვენ ყველანი მოკვდავნი ვართ, ადრე თუ გვიან, ვიცით, რომ ყველანი გარდავიცვლებით, მაშინ რომელი სიკვდილის გამოხსნაზეა საუბარი, რადგან სიკვდილი არსებობს სხვადასხვაგვარი. ხორციელი, მარადიული სიკვდილი. ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვევედრებით, რომ გვიხსნას და გვიხსნის მარადიული სიკვდილისგან, გვაცხოვნებს ჩვენ. სხვა წმინდანებს ვევედრებით, ასე ვლოცულობთ - ევედრეთ ღმერთს ჩვენთვის და მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვეუბნებით და ვევედრებით, რომ გვაცხოვნე ჩვენ, რადგან მას აქვს ეს მადლი, ძალა და კადნიერება ღვთის წინაშე.

რას ნიშნავს გვაცხოვნე? როგორ გვაცხოვნებს, როდესაც ჩვენ მიცვალებულებისთვის ვლოცულობთ, რომ დაამკვიდრე ისინი, აცხონე ისინი [...] ცოტა ხნის წინ იყო ფერიცვალების დღესასწაული. იქ არის სიტყვები, არ მოგვიჩინე ჩვენ ცოდვილთან ნათელი შენი მიუაჩრდილებელი. ამ მიუაჩრდილებელ ნათელში შევყავართ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, სადაც ბრწყინავს ეს ნათელი, სადაც ბრწყინავს უფალი იესო ქრისტეს დიდება. იქ, ამ დიდებაში შევყავართ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. იგი გვაცხოვნებს ჩვენ, ე.ი იგი ლოცულობს ჩვენთვის, მეოხია, რომ ამ ნათელში შეგვიყვანოს, რაც არის მარადიული ცხოვრება და უფალთან ერთად ყოფნა მარადიულ ცხოვრებაში, ამაზე არის დღესასწაული დებო და ძმებო. ამას გვასწავლის დღევანდელი საგალობელი, ლოცვები, ამისთვის ვევედრებით ჩვენ ღვთისმშობელს დღეს. დღეს ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისთვის, ერისთვის, სამშობლოსთვის, მისი გაერთიანებისთვის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კალთა გადააფაროს ქვეყანას და გადაარჩინოს და რა თქმა უნდა, დღეს ვლოცულობთ სნეულთათვის განსაკუთრებით და ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დღევანდელი დღე, ვინაიდან მის მრავალ დამსახურებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი ალბათ ისაა, რომ მან ჩვენ გვასწავლის მოწიწება და განსაკუთრებული სიყვარული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ. ღმერთმა გააძლიეროს იგი, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მისცეს. ღმერთმა ინებოს, რომ ეს სანუკვარი სიტყვები: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ, ყოველთვის იყოს ჩვენს ბაგეებზე, ჩვენს სულში და გონებაში ყოველთვის ჟღერდეს ეს ლოცვა".


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები