კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ჩემს გამონათქვამებს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა – პოლიტიკაში არ ვერევი

"არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ჩემს გამონათქვამებს. ცოტა უნდა გაგრძელდეს ჩემი მოსმენა. იქ ვთქვი, რომ დღეს, სამწუხაროდ, COVID-ი გახდა ქვეყანაში პოლიტიკური თემა, პოლიტიკური დისკუსიების თემა" – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე პალიტრანიუსთან ინტერვიუსას მის მიერ ნათქვამ სიტყვებს, რომ შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნა და რომ "საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები, ჩვენ ვართ უმცირესობაში... გეთანხმებით, ქვეყანაში პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით, იმიტომ, რომ შარშან გაზაფხულზე იყო მეტი სოლიდარობა".

გამყრელიძის თქმით, ის აპოლიტიკური პიროვნებაა და მისი მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მის სიტყვებში საკოორდინაციო საბჭოზე ექიმთა რაოდენობრივი სიმცირე იგულისხმა, თუმცა მათ რეკომენდაციებს "საკმაოდ მაღალი წონა აქვს".

"პოლიტიკოსები მეტ ყურადღებას ავლენენ კორონავირუსის, როგორც პოლიტიკური და არა როგორც ეპიდემიოლოგიური თემის მიმართ. ეს იყო ჩემი ნათქვამის არსი. მე ხშირად ვამბობ, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ. განა იმიტომ, რომ არ შემიძლია. მე დიდი ხანია, უკვე აპოლიტიკური პიროვნება ვარ. ჩემთვის დღეს მთავარია, რომ ვიზრუნო მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, უკეთესი პრევენციული საშუალებები, უკეთესი აცრები, უკეთესად მართვა იმ პროცესების, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ცენტრს ევალება. არ ვერევი პოლიტიკაში და დამანებეთ რა თავი.

ჩემი ნათქვამის ინტერპრეტაცია კარგად გააკეთეთ. მე იქ ვთქვი, რომ ვართ უმცირესობაში, ანუ ვიგულისხმე რიცხობრივი უმცირესობა, გასაგებია? ოთხი მედიკოსი ზის საკოორდინაციო საბჭოზე. პირდაპირ გეტყვით, ჩვენს რეკომენდაციებსა და სიტყვას საკმაოდ მაღალი წონა აქვს საკოორდინაციო საბჭოზე, ექიმების, ჯანდაცვის სამინისტროსი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო ყველა გადაწყვეტილებას იღებს ბალანსის და კონსენსუსის პრინციპით". – თქვა გამყრელიძემ. 

გამყრელიძის სიტყვებს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც, რომელმაც თქვა, რომ მისი განცხადება არ მოუსმენია და, რა თქმა უნდა, დაინტერესდებოდა, თუ რა იგულისხმა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

კომენტარები